“დღეს მქონდა შთაბეჭდილება, რომ ისევ ბიძინა ივანიშვილს ვუსმენდი. მთელი ეს ბრიფინგების ჩატარების ტრადიცია ღარიბაშვილს გადმოღებული აქვს მისგან. ჩემთვის, სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მოვიდა დემოკრატიის დროშით, დაგვიტოვა პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საერთოდ არა აქვს წარმოდგენა, რას ნიშნავს დემოკრატიული ცხოვრება. რამდენიმესაათიანი პრესკონფერენციის დროს ის მუდმივად უბრუნდებოდა პოლიტიკური ოპონენტების განადგურების საკითხს და ყოველ ჯერზე, ჟურნალისტების მხრიდან დასმულ ყოველ პრობლემატურ კითხვაზე პასუხობდა, რომ გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოწინააღმდეგის განადგურება.
ჩემთვის, სამწუხაროა ისიც, რომ პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აირჩია ყოველმა მეოთხე ადამიანმა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამიტომ მე მას მოვუწოდებ, რომ მათ არჩევანს პრემიერ-მინისტრმა სცეს პატივი, ისინიც არიან საქართველოს მოქალაქეები. ვთვლი, რომ ის ბრიფინგი, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ არის საგანგაშო და პრემიერის მხრიდან ასეთი თავდასხმა თავის პოლიტიკურ მოწინააღმედეგეზე, მათ ვერ მოუგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაშია. ვგულისხმობ, ეკონომიკაში პრობლემებს, პოლიტიკურ დევნას და ა.შ.” _ აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.