2009 წლის 18 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ზურაბ გორდელაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე (#056090290) აღიძრა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამომძიებლის მიხეილ სიხარულიძის 2009 წლის 97 აგვისტოს შესაბამისი დადგენილებით, ზაზა ზივზივაძე დაზარალებულად იქნა ცნობილი.
“2009 წლის 21 აგვისტოს, დეტექტივის თანაშემწის გამომძიებელ მ. სიხარულიძის მიერ გამოტანილი დადგენილებით, დანიშნული იქნა სასამართლო ავტოტექნიკური ექსპერტიზა. აღნიშნული ექსპერტიზა ჩაატარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს რეგიონალურმა სამსახურმა. ექსპერტიზამ 2009 წლის 26 აგვისტოს დასკვნით, ზემოაღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევიდან მთლიანად გამორიცხა ზაზა ზივზივაძის ბრალეულობის საკითხი და დაადგინა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ის სრულიად მოკლებული იყო შესაძლებლობას, თავიდან აეცილებინა მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა,რის შედეგად ზივზივაძემ მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობისთვის მძიმე ხარისხის დაზიანება _ ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მოტეხილობა, ნეკნების მოტეხილობა, დაზიანება მუცლის არეში, მარჯვენა მუხლის სახსრის არეში სისხლჩაქცევა, სისხლჩაქცევა ორთავე თვალის ბუდის არეში, სისხლდენა ორივე ნესტოდან, ცერებრალური კომა მეორე ხარისხის, ნაფლეთოვანი ჭრილობები ზედა და ქვედა ტუჩის არეში. 2009 წლის 19 ივლისს ჩატარებული თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად გაკეთებული დასკვნის მიხედვით, მას აღენიშნება მწვავე სუბარაიქნოიდული სისხლჩაქცევა, სუბდურული ჰიგრომები, ქალა-ფუძისა და სახის ძვლების ტრავმული დაზიანება. სამოქალაქო მოპასუხის გულგრილმა და შეიძლება ითქვას, უპასუხისმგებლო ქმედებამ, რაშიც დანაშაულის ჩადენის შემდგომი პერიოდი იგულისხმება, უფრო მეტი ზიანი მიაყენა სამოქალაქო მოსარჩელეს, ვიდრე თვით დანაშაულმა. ფაქტი ფაქტად რჩება, იმის გამო, რომ მოპასუხემ ყოველგვარი მორალური და ადამიანური პასუხისმგებლობის თავიდან აცილებით, უყურადღებოდ დატოვა თავისივე ქმედებით დაზარალებული და დასახიჩრებული ზივზივაძე. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას მსგავსი არაადამიანური და არაჰუმანური საქციელის წახალისება, ვინაიდან, ამ უკანასკნელმა დამღუპველი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტსა და თვითმყოფადობაზე. დაეკისროს მოპასუხე ზურაბ გორდელაძეს მოსარჩელის სასარგებლოდ 11 050 ლარის გადახდა”, _ აღნიშნულია დაზარალებულის ზაზა ზივზივაძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების აკაკი თოიძისა და ტოგო ჭელიძის დაზუსტებულ სარჩელში, რომელიც ოზურგეთის რაიონულ პროკურატურის პროკურორის ილია ჯალაღანიას სახელზე 2010 წლის 16 ივლისს შევიდა.
დაზარალებულმა ზაზა ზივზივაძემ დასახმარებლად “გურია ნიუსს” მიმართა: _ იქნებ დამეხმაროთ. მიჭირს, ფიზიკურად არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვიმუშაო და შვილები ელემენტარულად დავაკმაყოფილო. ნახეთ, ფეხსაცმელებს ვკერავ და საამისო ძალაც არ მაქვს ხელებში. არავის იმედი არ მაქვს, ამ ოზურგეთში ყველა ერთმანეთის კუდია _ ადვოკატებიც და პროკურორებიც. რამდენჯერ ვიფიქრე, თავს მოვიკლავ,-მეთქი. ახალგაზრდა კაცი ვარ, ორი სტუდენტის მამა და მათ ვერ ვეხმარები. არ იძიებენ ჩემს საქმეს, აჭიანურებენ, პატრონი არ მყავს, ფულიანი არ ვარ და ფეხებზე დამიკიდეს. იქნებ, თქვენი გაზეთი დამეხმაროს და მოქალაქეებს, საზოგადოებას ამცნოს, რომ ოზურგეთში თუ გავლენა არ გაქვს, გაგწირავენ და ძაღლივით მოგექცევიან! _ შემოგვჩივლა ზივზივაძემ, რომელიც 2009 წლის 18 ივლისს იხსენებს და ამბობს:
“მერიაში ვიყავი დასთან. იქედან 3 საათზე წამოვედი. გორდელაძე მერიის ბენზინგასამართ სადგურთან დამეჯახა “მიცუბიში ჩერიოტით”. ჩემს გზაზე გადმოვიდა. ბავშვი ჰყავდა მანქანაში. თავიდან ბოლომდე მართალი ვარ, ყველა საბუთი მაქვს, ექსპერტიზის დასკვნაც, მაგრამ წელავენ საქმეს. ზურაბ გორდელაძე სოფელ ლიხაურიდანაა, რაღაც თანამდებობაზე არის ნამუშევარი, შვილები რუსეთში ჰყავს, ფულიანია. მე მარტო ვიყავი, როცა დამეჯახა. აზრი დავკარგე, არ მახსოვს არაფერი. სასწრაფო დახმარების მანქანით ოზურგეთში გადამიყვანეს, თურმე. ოზურგეთმა არ მიმიღო, მძიმე მდგომარეობა აქვსო და წამიყვანეს ქუთაისში რეანიმობილით, დეიდაშვილების დახმარებით. გორდელაძემ დაჯახებისთანავე მიმატოვა. მეხუთე დღეს მოვედი აზრზე ქუთაისში. თვენახევარი საჭმელი არ მიჭამია, ყბა აკრული მქონდა, ცხრა თვე ჩაწოლილი ვიყავი. მივმართე ადვოკატ დათო მამალაძეს. მატყუა, მათამაშა, ახალი წელი მოდის, ახლა ხომ არ დავაჭერინებთ კაცსო, მერე აღდგომაო. ფული კი გადავუხადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ექსპერტიზის საბუთები გამოითხოვეს, მაგრამ რატომღაც გაჩუმდნენ ადვოკატები. რას ელოდებოდნენ, არ ვიცი. რომ მივხვდი, არ მიკეთებდნენ საქმეს, მემალებოდნენ, მატყუებდნენ, დავიხსენი ჩემი ქაღალდები და მივიტანე ადვოკატ კაკო თოიძესთან და ტოგო ჭელიძესთან. ისინი დამპირდნენ, ყველაფერი კარგად იქნებაო. პირველად იბრძოდნენ ჩემს მხარეს, მაგრამ ისინიც უცებ გაჩუმდნენ. რომ შევატყვე, ისევ არაფერი გამოდიოდა, გამოვითხოვე ჩემი საბუთები და მიდევს სახლში. უჩემოდ საქმეს ვერ დახურავენ. გამომძიებელი იყო მიხეილ სიხარულიძე, რომელმაც კარგად იცის, რა დღეშიც ვიყავი. ავარიიდან ათი დღის შემდეგ მოვიდა, მაგრამ ვერ დამკითხა. ასე მითხრა, უფლება არ მაქვს, დაგკითხო, ისეთ მძიმე მდგომარეობაში ხარო. პოლიციაში კოჭლობით, სიმწრით მივდიოდი. ფეხსაცმელს ვერ ვიცვამდი. ერთ თვეში გადავცემთ პროკურატურასო და ასე გადიოდა დრო.
ავარიის შედეგად თავის ტვინის დაჟეჟილობა მივიღე, გატეხილი მქონდა გულ-მკერდის ძვალი, ნეკნები და სამ ადგილზე ყბა, ტერფიც გადატეხილი მქონდა და მუხლიც. ოპერაციების თანხა დეიდაშვილების დახმარებით გადავიხადე, შემდეგ ყველაფერი სესხებით და ვალებით შევძელი, ადვოკატის და წამლების ფულიც ვისესხე. ყოველთვის სხვას ხომ არ შევაწუხებ? ორი სტუდენტი მყავს სახლში. ერთი თეთრი არ გაუღია ზურაბ გორდელაძეს. ვინ პატრონობს ასეთი, არ ვიცი! პურის ფული რომ ვიშოვო, მეწაღედ ვმუშაობ, სხვა საქმე ფიზიკურად არ შემიძლია. გთხოვთ, გააშუქოთ ჩემი ამბავი _ იქნებ, ასე მაინც შეწუხდნენ ჩვენი პროკურორები და გორდელაძემ პასუხი აგოს.
პირველად გიორგი დოლაკიძესთან ვიყავი. ოთხი თვე ვიარე. იძახდნენ, დღეს, ხვალ, ზეგ და ასე გადიოდა დღეები. ოთხი თვის შემდეგ შემიცვალეს გამომძიებელი, კეზევაძე იყო, შემდეგ _ შოთიკო ჩხაიძე, რომელიც სულ მატყუებდა. ახლა ნადირაძეს აქვს საქმე, რომელიც მხოლოდ ერთხელ ვნახე ერთი თვის წინ და მითხრა, ადვოკატის გარეშე რატომ მოხვედიო. ოზურგეთის ადვოკატები ყველა პროკურორებთან არიან შეკრულები. თითქმის დასრულებული საქმე შეაჩერეს.” _ ამბობს დაზარალებული.
ადვოკატი დათო მამალაძე: “მინდოდა მისი ნდობა მომეპოვებინება. პროცესის დაჩქარება ჩემზე არ იყო დამოკიდებული. მივდიოდი პროკურატურაში და სისტემატურად ვკითხულობდი ამბავს, მაგრამ პროკურატურა რაღაცას ელოდებოდა, რას _ არ ვიცი. ზაზამ გაგვიცხადა, დავიღალე ლოდინითო და წაიღო საბუთები. ჩვენთან პრეტენზიები რატომ უნდა ჰქონდეს? ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავუკეთეთ. პროკურატურამ პროცესი არ დააჩქარა და ამის გამო მე გამინაწყენდა.”
ადვოკატი ტოგო ჭელიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ პროკურატურას ჰქონდა შესაძლებლობა, საქმე გაეწელა და გაწელა კიდეც:
_ ზაზა ზივზივაძე მოვიდა ჩვენს იურიდიულ ბიუროში. თვითონ იყო დაზარალებული, რაც ექსპერტიზის დასკვნაშიც ჩანდა. დავიწყეთ საქმის წარმოება. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დანაშაული იყო. მე ვიყავი მისი ადვოკატი, მაგრამ ბოლომდე არ მაცალა, საქმე წაიღო, მე ხომ არ შევეხვეწებოდი? პროკურატურას აქვს კანონში ჩადებული შესაძლებლობა, რომ თუ საქმე არაა საპატიმრო, ნაკლებად პრიორიტეტულია. თუ სანქცია არ არის გაცემული, პროკურორს შეუძლია აწარმოოს მისი გამოძიება არა უმეტეს იმ ვადისა, რასაც სანქცია ითვალისწინებს და ის მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული. იყო ზაზა სხვა ადვოკატებთან, მაგრამ ბოლოს უნდობლობა გამოგვიცხადა, პროკურორები გაგირიგდნენ ადვოკატებსო. ახლა აღარ ვიცით, რა ხდება. პროკურორებს ჰქონდათ ვადა და გაწელეს რატომღაც ეგ საქმე, მათ მორალური მხარე უნდა გაეთვალისწინებინათ, მაგრამ საქმე თაროზე შემოდეს.
_ რატომ გაწელეს?
_ ხომ გეუბნებით, კანონი არ დაურღვევიათ, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით, შეეძლოთ გონივრულ ვადებში გაეკეთებინათ. ჩვენი ჩივილი მათ არ დასჭირდებოდათ, პროკურორებს გენერალური ინსპექცია ადგას თავზე, რაიმე რომ შეეშალოს, არ აპატიებენ. თანამშრომელი თანამშრომლისთვის მგელია! ასე რომ, ჰქონდათ მათ იმის შესაძლებლობა, ვადა გაეწელათ და გაწელეს. არ ჩქარობდნენ. ზაზას ეჩქარებოდა. მასე ყველას ეჩქარება, მაგრამ…
_ ზივზივაძე მართალია?
_ კი, 100 პროცენტით არის მართალი. სისხლის სამართლის საქმეშიც წერია, რომ გორდელაძის ბრალი იყო ავარია.
ზურაბ გორდელაძის მეუღლე “გურია ნიუსთან” საუბარში კატეგორიულად უარყოფს თავისი ქმრის ბრალეულობას და მეუღლეს დამნაშავედ არ ცნობს.
_ ეს კაცი იყო მთვრალი და ჩვენს ქვეყანაში სიმთვრალის გამო არავინ არ ისჯება. ეს არის ძალიან დიდი უკანონობა. ქვეყანაში მტყუან-მართალი არ ირჩევა. შვილიშვილებით სავსე მანქანა მყავდა, მივდიოდით ზღვაზე, ნელა მივსეირნობდით. ეს კაცი რომ დავინახეთ, უკვე გვეტაკებოდა. მეტი ვერაფერი მოახერხა ზურაბმა და ღერძულა ხაზი გადაკვეთა. მისი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ ზივზივაძის მხარეს გადავიდა, რადგან იფიქრა, ავაცილებო. დამნაშავე ვართ, იმიტომ რომ ამ მხრივ კანონი არ კანონობს საქართველოში.
_ ამ ადამიანმა სიმთვრალის გამო გადაიხადა კანონით გათვალისწინებული ჯარიმა.
_ კი, ბატონო, მთვრალების მიმართ საქართველოში კანონი ლიბერალურია _ იხდი ჯარიმას და მორჩა. ჩვენს მანქანას რომ “პადუშკები” არ ჰქონოდა, ცოცხალი არ ვიქნებოდით, მაგრამ ქართველები ასეთები ვართ!
_ჰო, მაგრამ თვითონ ძლივს გადაურჩა სიკვდილს!
_კი გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ ჩვენც ბავშვები გვყავდა მანქანაში. მათ რომ მოსვლოდათ რამე? საშინელი ავარია იყო, მაგრამ მისი სიმთვრალით მოხდა.
_ სასამართლო ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზურაბ გორდელაძე ბრალდებულად არის ცნობილი.
_ თქვენ რა, იმის გჯერათ? მთვრალს უნდა ჰქონდეს უპირატესობა? რის გამო დაშავდა, იმას რატომ არ ამბობს? ჩვენ ამოგვიშავა, გენაცვალე, ჩემს შვილიშვილს, რამე რომ მოსვლოდა, ამოვძირკვავდით ოჯახიანად. უსინდისო კაცია. კიდევ არ ჩერდება? რა უნდა, რას ითხოვს? ბავშვები გადამირჩა და იქეთ ითხოვს რამეს? ჩვენ რომ თავი ოდნავადაც დამნაშავედ გვეცნო, მივხედავდით. ასე გადაეცით _ მაგ საქმიდან არაფერი არ გამოუვა, ტყუილად იბრძვის, გაჩერდეს, ურჩევნია. ჩვენ თავს დამნაშავედ არ ვცნობთ!
ოზურგეთის რაიონულმა პროკურორმა კახა კოჩივარმა “გურია ნიუსთან” ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა და პრესსამსახურისკენ გადაგვამისამართა. თუმცა, მოგვისმინა და შეგვპირდა, რომ საქმეს უახლოეს მომავალში შეისწავლიან და დაზარალებულსაც შეუძლია, პროკურატურას ადვოკატის გარეშეც მიმართოს.