შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2014 წელს სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას 2014 წელს 13 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
სამუშაო შეხვედრაზე დავით ნარმანია, ასევე, ისაუბრებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთში დაფინანსებული პროექტების სამუშაოების დაწყება-დასრულების თარიღებთან და მათ რეგიონულ მნიშვნელობასთან დაკავშირებით. დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 11 570. 15 ლარია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი სოფელ ჭაჭარაქში ახალციხის მუნიციპალიტეტის საექსპლუატაციოდ მომზადებულ მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელს გახსნიან.