აღნიშნულ განცხადებას ასევე სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც” და ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ ძალისხმევა ქვეყნის განვითარებას, საარჩევნო დაპირებების შესრულებას და ეკონომიკის გაუმჯობესებას მოახმარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციები გაცილებით უარეს შეფასებებს დადებენ, რაც საბოლოოდ ქვეყნის ავტორიტეტს დააზარალებს.
“საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანიის საერთაშორისო შეფასებები სულ უფრო მწვავე ხდება. ევროპის კავშირის რეგიონების კონგრესის მიერ, თბილისის პირდაპირ არჩეული მერის თანამდებობიდან სასამართლო განხილვის გარეშე და ზეწოლის შედეგად გადაყენების შესახებ, გაკეთებული მწვავე განცხადების შემდეგ ანალოგიურ განცხადებას აკეთებს ევროპის საბჭოს ანალოგიური შტო -ევროპული მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭო.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასულ კვირას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა ევროპის კავშირის რეგიონების კომიტეტის, პრეზიდენტმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის, რეგიონალურ და ადგილობრივ თვითმმართველობათა კონფერენციის თანათავმჯდომარე რამონლუისსისომ. წერილში გამოთქმულია შეშფოთება გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების გამო. ევროპის კავშირის რეგიონების კომიტეტის პრეზიდენტი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის პატივისცემაზე ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში და მოითხოვს განმარტებას პრემიერ-მინისტრისგან აღნიშნულ საკითხზე”, _ აღნიშნულია განცხადებაში.
აქვეა “ნაციონალური მოძრაობის” გაფრთხილება ხელისუფლებისადმი.
“თუ საქართველოს მთავრობა განაგრძობს პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანიას, მსგავსი შეფასებები, რომლებიც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე სულ უფრო მწვავე გახდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს ოპონენტების დევნა და საკუთარი ძალისხმევა, საარჩევნო დაპირებების შესრულებას და ყოველდღიურად გაუარესებადი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას მოახმაროს”, _ ნათქვამია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში