მანანა ქოჩლაძე “მწვანე ალტერატივა”
“ხუდონჰესის გამო უნდა გადასახლდეს საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანი, არა 184 კაცი, როგორც კომპანია “ტრანსელექტრიკა” ამბობს, არამედ ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს 800 -მდე, რადგან უნდა გადასახლდეს მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებიც. როგორც ჩვენ ვხედავთ, კომპანია არ აპირებს აიღოს პასუხისმგებლობა ამ ადამიანებზე. გარდა ამისა, კონტრაქტი არ არის მომგებიანი საქართველოსთვის და არ შეიძლება ვილაპარაკოთ მის ეკონომიკურ მოგებაზე და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე; და მესამე – შესაძლებელია შეიქმნას ძალიან დიდი გარემოსდაცვითი პრობლემები, პირველ რიგში, ეროზიის თვალსაზრისით. ხუდონჰესის აშენებით სვანეთში მოსახლეობას და თვითონ წყალსაცავსაც შეიძლება შეექმნას გარკვეული ტიპის პრობლემები”.
ლაშა ჩხარტიშვილი. “გრინფისისმხარდამჭერთაჯგუფის” ხელმძღვანელი საქართველოში
“ქართული ოცნება” ცდილობს, საქართველოს მოსახლეობა შეაგუოს იმ ფაქტს, რომ ერთის მხრივ, შესაძლებელია საარჩევნო დაპირებების უგულვებელყოფა, მეორეს მხრივ, აწარმოებს უხარისხო კამპანიას ხუდონის ასაშენებლად. თუმცა არც ხაიშის მოსახლეობა აპირებს შეგუებას იმასთან, რომ მათი მშობლიური მხარე დაიტბოროს და განადგურდეს მოქმედი ეკლესიები, მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები და არც – ჩვენ. ეკოლოგიურ ზიანს რაც შეეხება, გარდა იმისა, რომ 6 სოფელს ეხება პროექტი, ასახლებენ ადამიანებს, იტბორება უზარმაზარი ტერიტორია, წყლის დაგროვება გაზრდის ნალექების რაოდენობას, რის შედეგადაც იზრდება ზვავების რისკიც. ყურადსაღებია სეისმურობის მომენტი. კავკასია და მათ შორის საქართველო სეისმურად აქტიურ ზოლშია და ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება არა მხოლოდ სვანეთს, არამედ – მთელს საქართველოს.
შეუძლებელია ამ პრობლემების მოგვარება. გამოსავალი ისაა, რომ არ უნდა აშენდეს ასეთი კაშხლები. ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს ელექტროენერგიის დანაკლისი, ამის შესახებ არანაირი მონაცემები არ არსებობს. კიდეც რომ გაჩნდეს ელექტროენერგიის დეფიციტი, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს საშუალება სხვა წყაროებით შეავსოს ის. მათ შორის, არსებული კაშხლების რეაბილიტაციითაც. ჩვენი გუნდი აპირებს კვლავს ბრძოლას. დაგეგმილი გვაქვს მორიგი აქცია 25 იანვარს 14:30 პარლამენტთან, რომელიც გადაინაცვლებს სახელმწიფო კანცელარიასთან, ვაპირებთ, რომ ყველანაირი მეთოდით შევუშალოთ ხელი მის მშენებლობას”.
ნინო ჩხობაძე: საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – “დედამიწის მეგობრების” თანათავმჯდომარე
“საფრთხეები, რომლებიც ასახული უნდა იყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში რამდენიმე ნაწილად იყოფა. პირველი ეს არის გეოლოგია, რომელიც კარგად უნდა იყოს შეფასებული. საფრთხე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის დამატებითი მეწყრული პროცესების განვითარება, ზვავების ჩამოწოლა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შედის, საერთო ჯამში, ერთ დიდ გეოლოგიურ ბლოკში. აქვეა ის საკითხები, რომლებიც ეხება საინჟინრო გეოლოგიას. მეორე ნაწილია ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევა, რომელიც შეიძლება მოხდეს. იქ ჩამოყალიბებული ეკოსისტემებია და მათი მდგრადობა შეიძლება დაირღვეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაგებობის ჩადგმა იგეგმება. ეკოსისტემური მიდგომა უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი. მესამე ბლოკი უნდა იყოს ცალკე შეფასებული, ეს არის ნიადაგები და სხვა ტიპის ფაქტორები. კლიმატის ცვლილების ფაქტორი უკვე მეოთხე თემაა, იმიტომ რომ ეს არის არიდული ზონა, ვიდრე მშრალი ჰავით ჩამოყალიბებული. ენგურის კაშხალმა თავისი გავლენა იქონია უკვე. ტენიანობა იქ აშკარად მომატებულია. კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე ტენიანობა ზოგადად მატულობს მთელს მსოფლიოში. დამატებითმა სარკემ დამატებითი პრობლემები შეიძლება შექმნას, ამიტომ ამას სჭირდება სერიოზული მიდგომა. კიდევ ერთი თემა რომელიც გარემოს დაცვას ეხება, ნურავინ ნუ იტყვის იმას, რომ არაა გარემოსდაცვითი თემა, ეს არის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ამის შესახებ ძირითადი პრინციპები გზშ-ში უნდა იქნეს ჩამოყალიბებული, რა მოხდება ხაიშთან მიმართებაში. კულტურული მემკვიდრეობა ძალიან დიდი რისკის ქვეშაა . კულტურული მემკვიდრეობის კერები შეიძლება უშუალოდ არ დაიტბოროს, მაგრამ ზიანი მაინც მიადგეს. გზშ-ში სოციალური პრობლემები ჯერ-ჯერობით განხილული არ არის და ჩვენ როგორც გვაქვს ინფორმაცია, ცდილობენ, რომ შეისწავლონ. თქვენ იცით, რომ ფიცი არის დადებული და ეს უკვე გარკვეულწილად ართულებს იმ სიტუაციას, რაც ეხება სოციალურს.
კულტურული მემკვიდრეობა ცალკე სექტორად უნდა იყოს გამოყოფილი. ის არ ეკუთვნის მარტო საქართველოს. სვანეთის კულტურა მსოფლიოს ნაწილია. აქედან გამომდინარე შეფასებები კარგად უნდა იყოს გაკეთებული. ყველას ისეთი შთაბეჭდილებები რჩება, რომ გარემოს დაცვას ეს არ ეხება, მაგრამ ასე არაა. თვითონ გარემოს დაცვა შედგება ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური კომპონენტებისგან. ამიტომ ითხოვს გარემოს შესწავლის პროცედურა ასეთ დაწრვილებით შესწავლას, პირველ რიგში მოსახლეობასთან ერთად.
6 დეკემბერს შედგა ძალიან დიდი შეკრება გარემოსდამცველების ხუდონჰესის გარშემო, სამწუხაროდ, კომპანია “ტრასელექტრიკა” არ იყო იქ წარმოდგენილი. ის სხვა ინფორმაციას ავრცელებს, მაგრამ დაპატიჟებული იყო ამ შეხვედრაზე. კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები უნდა გაიმართოს ბევრჯერ.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მინიმუმ უნდა იყოს რისკების შეფასებაზე საუბარი. აქ იკვეთება მცოცავი ანექსიის საფრთხე, საფრთხე ტერორიზმისა, რაც უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოწერილი. რომ არაფერი ვთქვა ტექნიკურ მონაცემებზე, რაც ეხება კაშხლის მდგრადობას. ეს ყველაფერი უნდა იყოს დათვლილი. კიდევ ერთი თემა ეხება ეკონომიკას, რამდენად ეფექტური იქნება ეს კაშხალი მომავალში. რას მოგვიტანს და რას დავკარგავთ. ამ ეტაპისთვის ამ კითხვებზე პასუხებს ჩვენ ვერ ვღებულობთ.
როდესაც გარემოს ზიანი ადგება და ეს არის გარდუვალი, ასეთ შემთხვევაში ხდება კომპენსირება. მაგალითად, ლანდშაფტის კომპენსირება ეროვნული პარკის შექმნით უნდა მოხდეს. ჩემთვის როგორც ეკოლოგისთვის, ადამიანისთვის, რომელიც არ არის შორს ბიოლოგიისგან, აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი ჩანაწერი, რომ ერთ ხეს მოვჭრი და მეორეს დავრგავ. ეს არ არის პრობლემის გადაჭრის გზა.
არავინ არის წინააღმდეგი საქართველოში დამატებითი გენერაციის წყაროების, მაგრამ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, სად, როგორ და რა ტექნიკური პარამეტრებით ვაშენებთ”.






























































