(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთელი მგზავრები შიგა ტრანსპორტის მომსახურებით უკმაყოფილოები არიან: “გაუსაძლისია ამ მიკროავტობუსით მგზავრობა, რასაც უკვე დიდი ხანია ვაპროტესტებთ, თუმცა, არავინ სწუხს ამაზე. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა გლეხი ტრანსპორტში უჰაერობის გამო ცუდად გამხდარა. ნუთუ ასე რთულია ამ მდგომარეობის გამოსწორება და რეისის დამატება? როდემდე უნდა ვიყოთ ამ მდგომარეობაში?! დაგვინიშნეთ მგზავრებს ისევ ის ყვითელი ავტობუსი _ უჰაერობას და ფეხზე დგომას ყველაფერი სჯობს!” _ ამბობენ შეწუხებული მგზავრები.
როგორც ავტოსალაროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათთვის პრობლემა არ არის დამატებითი ავტობუსების გამოყოფა, თუმცა, საქმე იმაშია, რომ უმეტესად ტრანსპორტი ცარიელი იქნება: “მგზავრი არ ეყოლება და ერთი ადამიანის გამო მძღოლი ამხელა ხარჯს ვერ გასწევს. მართალია, ზოგჯერ გადატვირთულია ავტობუსები, მაგრამ უმეტესად სანახევროდ ცარიელია. რაც შეგვიძლია, მგზავრებისთვის იმას გავაკეთებთ, მაგრამ მძღოლს ვერ დავავალებთ, რომ თავად იზარალოს. თან მძღოლებს პრობლემას ე.წ. “ხიშნიკები” _ გამვლელი მიკროვატობუსები უქმნიან. ერთი რამ გადავწყვიტეთ _ გვინდა კვირაობით დამატებითი ტრანსპორტი გამოვყოთ.”