აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: პრემიერ მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში რომან ჩხენკელი, მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და პრემიერ მინისტრის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე.
პრემიერის მიერ შექმნილი ჯგუფი ერთი თვის ვადაში შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რაც მოიცავს დარგების მიხედვით პრობლემების იდენტიფიცირებას. მეორე ეტაპი გულისხმობს ჯგუფში დარგობრივი კომისიების შექმნას, სადაც დეტალურად გაიწერება სამოქმედო გეგმა, მოხდება კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე გადაწყვეტილების მიღების რეკომენდაციების წარმოდგენა.
რამდენიმე დღის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა”, ეკონომიკის სფეროს წამყვან სპეციალისტებთან: ლევან კალანდაძესთან, ირაკლი ლექვინაძესთან, გიორგი აბაშიშვილთან და ლევან ალაფიშვილთან ერთად ინიციატივით გამოვიდა შეიქმნას “სახელმწიფო საინვესტიციო საბჭო”, რომელიც ქვეყანას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში დაეხმარება.
რა პრობლემებს აწყდებიან ინვესტორები საქართველოში, როგორ ვითარდება ბიზნესი მარტივად დაწყების შემდეგ, რა ბარიერები აფერხებს მის შემდგომ განვითარებას, როგორ აპირებს ამ პრობლემების დაძლევას “სახელმწიფო საინვესტიციო საბჭო”?
ეკონომიკის ექსპერტები თვლიან, რომ საქართველოში დაგეგმილი მსხვილი სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების მხოლოდ სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების იმედზე დატოვება არ შეიძლება. მათი პოზიციაა, საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში მონიტორინგი გაეწიოს საქართველოში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას და ინვესტორებს ხელისუფლების მაღალი რგოლის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის მეტი საშუალება ჰქონდეთ.
ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობა ჯერ კიდევ საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებასა და სრულყოფას.
ამ მიზნით შექმნილი “სახელმწიფო საინვესტიციო საბჭო”, ალაფიშვილის შეფასებით, შეძლებს, პასუხისმგებლობა აიღოს მსხვილი სტრატეგიული პროექტების სახელმწიფო უწყებების მხრიდან შეფერხებების გარეშე განხორციელებაზე.
ლევან ალაფიშვილი: “სრულყოფილი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად სახელმწიფოს სერიოზული ძალისხმევის გაწევა მოუწევს. ინვესტორების საქმიანობას სერიოზულად აფერხებს სისტემატურად გამართული სახელმწიფოებრივი აპარატის არარსებობა. ბიზნესის დაწყების სისწრაფე არ არის საკმარისი მისი საქმიანობის შემდგომი წარმართვისთვის. სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებების მიღება იწვევს უკუეფექტს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საინვესტიციო გარემოს შეფასებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. არ არსებობს ერთიანი კომუნიკაციის ეფექტური მოდელი, რომელიც სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის ურთიერთობას მოაწესრიგებს.
კოორდინაციის არარსებობასთან ერთად, ინვესტორები წინააღმდეგობას აწყდებიან იმ მხრივაც, რომ სახელმწიფო უწყების უფლებამოსილ პირებს უჭირთ პასუხისმგებლობის აღება. უკეთეს შემთხვევაში, ინვესტორებს უწევთ ურთიერთობა საშუალო რგოლის თანამშრომლებთან, რომლებიც არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები.
ამ თვალსაზრისით არსებული სირთულეები და უწყებათშორისი კოორდინაციის პრობლემა განაპირობებს მსხვილი და სტრატეგიული საინვესტიციო პროექტებისთვის სახელმწიფო უწყებების მხრიდან მხოლოდ მინიმალურ ხელშეწყობას.
დღეს, სახელმწიფოს განვითარების უზრუნველყოფის და სასურველი ეკონომიკური შედეგის მიღების ერთ-ერთ უმთავრეს პირობას, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა და მსხვილი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული, განსაკუთრებით კი, ენერგეტიკული პროექტების განხორციელება წარმოადგენს. ეს არის უმთავრესი გამოწვევა, რომელიც მიმდინარე ეტაპზე მთავრობის და ქვეყნის წინაშე დგას. ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება დღეს, სახელმწიფოს მართვის ახლადამოქმედებული კონსტიტუციური მოდელისა და მთავრობის, როგორც ქვეყნის განვითარებაზე პასუხისმგებელი ძლიერი ინსტიტუტის დამკვიდრების პროცესში.
ინვესტიციების მხარდაჭერის მიზნის უზრუნველსაყოფად “სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოს” სერიოზული ფუნქცია აკისრია. ასეთი უწყება შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების პირველი პირებისაგან უნდა დაკომპლექტდეს. სწორედ ამ ფორმატში უნდა მოხდეს საინვესტიციო პრიორიტეტებსა და პროექტებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების საქმიანობისა თუ გადაწყვეტილებების მიღების კოორდინაცია, მსხვილი და სტრატეგიული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი.
რაც მთავარია, ეს ფორმატი უნდა უზრუნველყოფდეს ინვესტორთა თანამონაწილეობას საკითხთა განხილვა-გადაწყვეტაში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეფექტურ კომუნიკაციას მთავრობასა და ინვესტორებს შორის”.
ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): “პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად ვეთანხმები. საერთოდ, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის სწორი ხედვაა, როდესაც პრიორიტეტად საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და კანონმდებლობის სრულყოფა სახელდება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს არის ის მასშტაბური პროექტები, რომლებმაც უნდა მოიტანოს ინვესტიციები და ამ სფეროში უნდა გააუმჯობესოს ბიზნესპროცესების ეფექტურობა.
ამასთან, დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის კუთხით ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ამ სფეროების განვითარებას, განსაკუთრებით ენერგეტიკას, სადაც არსებული პოტენციალის მხოლოდ 18-20%-ია ათვისებული. ძალიან დიდი რესურსია, რომ კიდევ უფრო მეტი წარმოება და უფრო მეტი გენერაცია გვქონდეს, რომლითაც პირველ რიგში, ქვეყნის შიდა მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ, რაც ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და მეორე, გარე ბაზრებზე მზარდ მოთხოვნასაც ვუპასუხებთ. ხედვა არის აბსოლუტურად სწორი, უალტერნატივო და მოხარული ვარ, რომ პრემიერი სწორად ხედავს ამ განვითარების მიმართულებას”.
ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): “სახელმწიფო საინვესტიციო საბჭო” არა მხოლოდ გადაწყვეტილებს უნდა იღებდეს მსხვილი სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხზე, არამედ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი პროექტების სახელმწიფო უწყებების მხრიდან შეფერხებების გარეშე განხორციელებაზე.
დღეს, სახელმწიფოს განვითარების უზრუნველყოფის და სასურველი ეკონომიკური შედეგის მიღების ერთ-ერთ უმთავრეს პირობას, სწორედ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა და მსხვილი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული, განსაკუთრებით კი, ენერგეტიკული პროექტების განხორციელება წარმოადგენს. ეს არის უმთავრესი გამოწვევა, რომელიც მიმდინარე ეტაპზე მთავრობის და ქვეყნის წინაშე დგას. ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება დღეს, სახელმწიფოს მართვის ახლადამოქმედებული კონსტიტუციური მოდელისა და მთავრობის, როგორც ქვეყნის განვითარებაზე პასუხისმგებელი ძლიერი ინსტიტუტის დამკვიდრების პროცესში.
რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვას, ამ კუთხით ენერგეტიკა არის ძალიან საინტერესო სფერო, განსაკუთრებით მსხვილი ინვესტორებისთვის, რადგან მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა მზარდია. ბოლო წლებში, ენერგეტიკა ინვესტიციების კუთხით ლიდერის პოზიციაზეა. რამდენიმე დღის წინ თანაინვესტირების ფონდმაც გამოაცხადა პირველადი ინიცირებული პროექტების შედეგები და 60% სწორედ ენერგეტიკაზე მოდის. ესეც ამ სტატისტიკას ამყარებს.”

































































