წყაროს თქმით, ამ დილით ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის ყოფილი უფროსი მერაბ კურდღელაშვილი ხელახლა დააკავეს. შეგახსენებთ, რომ კურდღელაშვილი რამდენიმე დღის წინ საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს _ მას გამოძიება ბიუჯეტიდან თანხების მიტაცებას ედავებოდა.
როგორც “გურია ნიუსი” წერდა, 17 ოზურგეთელი მეწარმე ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში მას შემდეგ მივიდა, რაც საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ბიუჯეტის თანხებით გახორციელებული პროექტების დოკუმენტაციის მიტანა მოსთხოვეს.
პირველ ეტაპზე, პროკურატურა ტენდერებში გამარჯვებული პირებით დაინტერესდა და 20-მდე მეწარმე გასაუბრებაზე დაიბარა. თუმცა, დღეს ისინი დაკითხვაზე დაიბარეს. საუბარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ბოლო სამი წლის მანძილზე გახარჯულ თანხებზე. და ტენდერში გამარჯვებული მეწარმეების მიერ გახორციელებულ საქმიანობაზე.
როგორც ერთ-ერთმა მეწარმემ გვითხრა, პროკურატურაში რომ იყო დაბარებული, ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლებმა შეატყობინეს: “აინტერესებთ, ტენდერებში ხელისუფლების კავშირები და პროექტები, რომლებიც ბიუჯეტის სახსრებით გახორციელდა. მე ყველა სახის დოკუმენტაცია მიმატანინეს. არ ვიცი, ჯერჯერობით, რას სწავლობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ბიუჯეტის თანხების მიზანმიმართულად ხარჯვით არიან დაინტერესებულები”, _ ამბობდა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მეწარმე.
ამ ეტაპზე, მეწარმეები დაკითხვის მოლოდინში არიან და კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.