“ხუდონჰესის ამბავზე რთულად არის საქმე. გასაგებია, რომ ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. მიდის ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რატომაა ეს ჰესი საჭირო. ხუდონჰესის საწინააღმდეგო ისეთი არგუმენტი, რომ არ უნდა აშენდეს, ვერ მოვისმინე. სხვა საქმეა, რომ შეიძლება არც ისეთი დიდი მოგების მომტანი იყოს და კერძო კომპანია ისარგებლებს მხოლოდ. ის ელექტროენერგიას გაყიდის თურქეთში. ამდენად შეიძლება არც ღირდეს გაკეთება, მაგრამ ეკოლოგიასაც ისეთი ზიანი რომ არ ადგება, ფაქტია. სვანეთი მთლიანად არ დაიტბორება. თუმცა მე არ ვარ ამ საქმის პროფესიონალი, მე ერთ მხარესაც ვუსმენ და მეორესაც. რა არგუმენტებს ვისმენ, უფრო ვიხრები მშენებლობის მომხრეებისკენ”, _ აცხადებს ზურაბიშვილი.
მმართველი გუნდის წარმომადგენელმა საყდრისის საბადოსთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ როდესაც საზოგადოებაში რაღაც საკითხზე მღელვარებაა, უნდა მიმდინარეობდეს დისკუსიები და განმარტებები: “შეიძლება ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული საყდრისთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უნდა დასაბუთდეს”,_ ამბობს ის.
დავით ზურაბიშვილს გამოკვეთილი პოზიცია აქვს ვაკის პარკთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მწვანე ზოლების დაცვა ქალაქში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
“რაც შეეხება ვაკის პარკს, აქ ცალსახად არასწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. როცა მშენებლობების ნებართვები პანტა-პუნტით გაიცა რეკრეაციულ ზონებში. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ რესტორანის ადგილას კეთდება სასტუმრო და ვაკის პარკს არ ეხება, ასე არ არის. ეს ნამდვილად გამოიწვევს მწვანე ნარგავების შემცირებას და სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ გადაისინჯოს მშენებლობის ნებართვა. სამართლებრივად შეიძლება სწორია, მაგრამ არამგონია საინვესტიციო გარემოზე ძალიან დიდი გავლენა იქონიოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი მიდგომა – “მოდი ამ ერთხელ გავაფუჭოთ და მეტი აღარ”, არა მგონია სწორი იყოს. ინვესტორს კომპენსაცია უნდა მიეცეს, არ უნდა დაზარალდეს. ეს სხვა ამბავია. თვითონ გადაწყვეტილება, რეკრეაციულ ზონებში სამშენებლო ნებართვების გაცემა, უნდა იყოს მკაცრად რეგულირებული”, _ აღნიშნავს ზურაბიშვილი.