წიგნების გადაცემა 2013 წლის 25 იანვარს სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. მემორანდუმი ითვალისწინებს სამხრეთ აფრიკაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და საქართველოს მდიდარი ისტორიისა და ლიტერატურის გაცნობისთვის პრეტორიაში ქართული კოლექციის შექმნას,
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ადგილობრივი ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემა პროექტის მეორე ეტაპია, რომლის ფარგლებშიც ქართული კოლექცია შეივსო ისეთი ნაწარმოებებით, როგორიცაა: შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” მარჯორი უორდროპის თარგმანით, კახა შენგელიას “საქართველოს ისტორია”, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოცემა “უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშები”, ოთარ ჭილაძის “აველუმი”, თამარ ლომიძის “ქართული სამზარეულო და ქართველ ავტორთა ჯგუფის “საქართველოში ფრინველების შესწავლის მეგზური”. ასევე უცხოელ მწერალთა ნამუშევრები საქართველოზე – რონ ასმუსის “პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო” და დონალდ რეიფილდის “იმპერიათა საზღვარზე: საქართველოს ისტორია”
ქართული კოლექციის დაცვასა და პატრონაჟზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ზრუნავს და მისი კიდევ უფრო გამრავალფერონება უახლოეს მომავალში საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდება. იგეგმება ასევე ეროვნული ბიბლიოთეკების ხელმძღვანელთა ორმხრივი ვიზიტებიც.