ეკა ალექსაია, “დაიცავი საქართველოს” წარმომადგენელი: _ მოგეხსენებათ, რამდენი ხანია ვეძებ ზურაბ ნოღაიდელს. ამდენი ხნის მანძილზე ეს ვერ მოვახერხე. ამ დღეებში თბილისში ვიყავი და ტელევიზიით “კავკასიის” მაუწყებლობას ვუყურებდი, როცა ანონსი მოვისმინე _ დავით აქუბარდიას გადაცემაში ნოღაიდელი უნდა მისულიყო. რა თქმა უნდა, არც დავფიქრებულვარ, იმავ წუთს ტელევიზიისკენ გავეშურე. იქ არავინ შემიშვა, ნინო ჯანგირაშვილმა პირდაპირ გამომიცხადა _ ეს ტელევიზია დამოუკიდებელია და ჩვენ ვწყვეტთ, ვინ მოვიწვიოთ და ვინ არაო. სტუდიაში არ შემიშვეს, დავდექი კართან. დაცვა კი ეცადა იქაურობას გავერიდებინე და არაკორექტულადაც მომექცა, მაგრამ ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი? ამ დროს ნოღაიდელმა შემომითვალა, წავიდეს და ხვალ, 2 საათზე ოფისში შევხვდებიო. რა თქმა უნდა, არ დავიჯერე და არც ვენდე. როცა აქუბარდიას ვკითხე, რა თემაზე ჰყავდა მიწვეული ექს-პრემიერი, მითხრა, რომ ბათუმის ბულვარის ბიუჯეტის თემაზე უნდა ესაუბრათ. ძალიან მიკვირს, რა უნდა გაარკვიოს ნოღაიდელმა ბათუმის ბულვარის ბიუჯეტის, როცა საკუთარი პარტიის ბიუჯეტის ამბავი ვერ გაურკვევია?! მოკლედ, ფეხი არ მოვიცვალე და ტელევიზიის ოფისთან გავჩერდი. დასრულდა გადაცემა და კარგად ვხედავდი, როგორ იცდიდა ნოღაიდელი 20 წუთის განმავლობაში _ ჩემთან გამოსვლა და შეხვედრა არ უნდოდა. მან დაცვას ქურთუკიც მოსთხოვა, ეტყობა, შეცივდა. საიდან უნდა წასულიყო? აქუბარდიას ტელევიზიას ერთი შესასვლელ-გამოსასვლელი აქვს!
_ ბოლოს და ბოლოს, არ გამოვიდა შენობიდან?
_ კი, რაღა გზა ჰქონდა? გამოვიდა და თავიდან მითხრა, რომ არ მიცნობდა და არ იცოდა, რას ვერჩოდი. რა თქმა უნდა, იცრუა, კარგადაც მიცნობდა, მაგრამ “დავიწყება” სიტუაციიდან გამოსასვლელად მოიფიქრა. რა თქმა უნდა, მისი ცნობა-არცნობის გარკვევა არ დამიწყია და ვკითხე, რატომ არ გადაუხადეს კოორდინატორებს ნამუშევარის საზღაური. სხვათა შორის, როცა იქ ვიყავი, ეტყობა პარტიაში წავიდა გადარეკვა-გადმორეკვები და ჩემს ტელეფონზე დარეკა ლელა ჩახვაძემ. ჩემს დას ჰქონდა ჩემი მობილური და ლელამ მას უთხრა _ კარგად დაითვალოს და კარგად ჩაიჯიბოს ეკამ ის ფული, ნოღაიდელი რომ მისცემსო. ამაზე მეტი ცინიზმი რა გინდათ? უარესი გვეკუთვნის! ლელა ჩახვაძესთან კარგი ურთიერთობა მქონდა, დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ, თურმე, ვცდებოდი. ხალხმა იშრომა და ახლა ჩახვაძის დასაცინი გავხდით! მე ფეხზე ტყავი გადამძვრალი მქონდა მაგ არჩევნების დროს, ლელა კი ამ დროს სალონებში იჯდა. მე რომ ფეხით დავდიოდი, თავად მანქანით დაბრძანდებოდნენ და ახლა მათი ცინიზმიც უნდა ავიტანოთ?
_ რა გითხრათ ნოღაიდელმა?
_ მან დამისახელა სამი პიროვნება _ მათთან მაქვს ეს საკითხი გასარკვევიო.
_ ვინ არიან ეს ადამიანები?
_ კობა აბულაძე, ზურაბ ანთელიძე და ლელა ჩახვაძე. ასე მითხრა ნოღაიდელმა რამდენჯერმე _ მაგ ხალხთან მაქვს გასარკვევი ეს საკითხიო…
_ ანუ რას გულისხმობდა ნოღაიდელი _ ფული გამოვგზავნე და ამათ შორის დაიკარგაო?
_ არ ვიცი, რა იგულისხმა, მაგრამ რამდენჯერმე გამიმეორა.
_ ცოტა დაუჯერებელია, რომ ნოღაიდელს ვინმემ ფული წაართვას… ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ფული ლანჩხუთში ჩამოვიდა…
_ გეთანხმებით, მაგას არც მე ვამბობ და დარწმუნებული ვარ, კოორდინატორების ფული არ ჩამოსულა!
_ აბა, რა უნდა გაარკვიოს ნოღაიდელმა სამეულთან?
_ მან პირდაპირ მითხრა, რომ მაისის დასაწყისში უთხრა ჩახვაძეს, ლანჩხუთში შედეგს არ ველი და ნურავის ნურაფერს დაპირდებიო. სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ არ მჯერა ნოღაიდელის, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად არ ცრუობდა. და თუ ეს სიმართლეა, მაშინ გამოდის, ლელამ იცოდა, რომ ფულს ვერ მივიღებდით და მოგვატყუა.
_ ქალბატონო ეკა, კონკრეტულად, რა თანხაზეა საუბარი?
_ ვერ გეტყვით, მთლიანად ლანჩხუთში რამდენი ლარია საჭირო. ჩემს ზონაში 3 800 ლარი გვეკუთვნის და ამას ერთი თეთრიც არ დააკლდება. თავის დროზე, როცა ოფისიდან ნივთები გამოუყარეს, მისმა თანამშრომლებმა და აქტივისტებმა დოკუმენტების ნაწილი წაიღეს, რათა არ დაკარგულიყო. ამის გამო ლელამ მათ უჩივლა. როცა ჰკითხეს, რად გინდა ეს ფურცლებიო, ჩახვაძემ უპასუხა, ხელფასები რომ დავარიგოო. მან პოლიციაში მიატანინა მათ ეს ჩანაწერები და ხელწერილები დააწერინეს ამ ადამიანებს. მაშინ ლელამ უთხრა თავის კოორდინატორებს _ ნოღაიდელმა ფული რომ არ მომცეს, საკუთარ სახლს გავყიდი და გადაგიხდითო. ახლა გაყიდოს სახლი და გადაიხადოს! ეს ხდებოდა 2 ივნისს, მას შემდეგ 5 თვეზე მეტი გავიდა. უნდა სახლი გაყიდოს, უნდა ნოღაიდელს მოთხოვოს ეს ფული და თუ უნდა, პუტინთან ჩავიდეს მოსკოვში და იქიდან ჩამოიტანოს.
_ ანუ ნოღაიდელმა გითხრათ, რომ ფულს არ გადაიხდის?
_ ახლა აქედან გამიშვი და უახლოეს პერიოდში ფულს დავარიგებო! სხვა გზა არ აქვთ. ამ ფულს მე ვერავის შევარჩენ, რადგან ხალხის ნაშრომია. შესაძლოა, ეს თანხა ნოღაიდელისთვის ბევრი არაა, იქნებ, თითოეულ კოორდინატორსაც დიდად ვერაფერში გამოადგეს ეს მიზერული თანხა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ხალხს დავპირდით და უნდა გადავუხადოთ. ოპოზიცია ხელისუფლებასავით არ უნდა იქცეოდეს და ხალხს არ უნდა ატყუებდეს! მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ სხვა კოორდინატორის მსგავსად, უბრალოდ, შუაში ვიყავი. ამის გამო, ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი, ამ დროს იმავეს აუცილებლობას ვერ ხედავს ლელა ჩახვაძე _ პირიქით, დაგვცინის. იმიტომ გაბრაზდა, როგორც ჩანს, რომ თავის პარტიულ ხელმძღვანელს ვერ ხვდება, მე კი მეუბნებოდა _ ნოღაიდელს ვერ შეხვდები, მაგას ლანჩხუთიდან მხოლოდ მე ვხვდები და არ დაგელაპარაკება ჩემს გარეშეო. თავადაც ძალიან მალე გაიგო, რომ შემხვდა და ზარიც მის განაწყენებას უკავშირდება. წარმოიდგინეთ, თავად მას არ ხვდება ნოღაიდელი.
_ ამის შესახებ თავად ნოღაიდელმა გითხრათ?
_ მან თქვა, რომ პრაიმერის შემდეგ აღარ ეკონტაქტება ჩახვაძეს და ლანჩხუთის ოფისის გახსნა მისი დიდი შეცდომა იყო. მე რაში მაინტერესებს, ვისი შეცდომა იყო? ხომ გახსნა, ხომ ჰყავდა კოორდინატორები? ჰოდა, ფულიც უნდა გადაიხადოს. მეტსაც გეტყვით, ნოღაიდელმა არ იცოდა, მისი პარტია არჩევნების დილას რომ ოფისიდან გამოაგდეს! ამის შესახებ პირველად მესმისო, მითხრა.
_ მოკლედ, როგორც ჩანს, ამ შეხვედრით მაინც კმაყოფილი ხართ.
_ კი. ამ ფულს ნოღაიდელი აუცილებლად გადაიხდის. მაგრამ მას რომ ჰგონია, არც ისე იოლად აქვს საქმე _ აი, ნახეთ, ქუჩაში გამოყრილი დოკუმენტების ქსეროასლები მაქვს. აქ იმათი სიაა, ვინც ფული უნდა მიიღოს. გაკვირვებული ვარ _ საერთოდ, ვინ არის ეს ხალხი?
_ თქვენ ამბობთ, ეს სია გაბერილია “მკვდარი სულებით”?
_ მე არ ვიცი, ამას რა ქვია. 200 კაცია ჩახვაძის სიაში და აქედან 50 თუ იქნება, რომლებიც ნამდვილად მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში.
_ ანუ ნოღაიდელის გაცურების მცდელობას აქვს ადგილი და მისთვის ფულის “მოტეხვას” ცდილობდა ლანჩხუთის ოფისი? ეს სერიოზული ბრალდებაა, მით უფრო, ნოღაიდელი ვერ მიხვდება, რეალურია თუ არა სიაში მოყვანილი გვარ-სახელები. თუ თქვენი მოსაზრება სიმართლეა, სერიოზული დოკუმენტი ჩაგვარდნიათ ხელში.
_ აგერ მაქვს ფაქტი!
_ ეს სია ნოღაიდელს გადაეცით?
_ არა, როცა მას შევხვდი თან არ მქონდა ეს სია.
ამის შემდეგ, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლანჩხუთის ოფისის ხელმძღვანელს, ლელა ჩახვაძეს დავუკავშირდით:
_ ქალბატონო ლელა, ჩვენ გვესაუბრა ეკა ალექსაია, რომელსაც ზურაბ ნოღაიდელისგან გაუგია, რომ, თურმე, კოორდინატორებს ფული არ უნდა მიეღოთ და თქვენ ეს წინასწარ იცოდით…
_ ეს არის ტყუილი. მე გუშინწინ შევხვდი მთავარ ოფისში ზურაბ ნოღაიდელს და კოორდინატორები ამ თანხას მიიღებენ. თანხას მიიღებენ ლანჩხუთში და კიდევ რამდენიმე რაიონში, დანარჩენები ვერ მიიღებენ.
_ რატომ გამოირჩა ლანჩხუთი და სხვებმა რა დააშავეს?
_ თანხა გაიცემა შედეგის მიხედვით, ჩვენ კი ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილი ავიღეთ, ქობულეთის შემდეგ. ალექსაიამ საიდან მოიგონა ასეთი რამ, არ ვიცი.
_ მან ისიც გვითხრა, რომ პარტიული ბოსი პრაიმერის შემდეგ არც კი გეკონტაქტებათ…
_ ხომ გეუბნებით, გუშინწინ შევხვდი. ბოლო ორ ათვის განმავლობაში მეორედ მქონდა ბატონ ზურასთან შეხვედრა, ტელეფონით კი მუდმივად ვკონტაქტობთ. თუ გინდათ, მოგცემთ ტელეფონის ნომერს და დაურეკეთ.
_ მისი ნომერი მეც მაქვს, მაგრამ ტრადიციულად, ნოღაიდელი ტელეფონით კომენტარს არ აკეთებს, მაინც ვცდი (ქალბატონ ლელასთან საუბრის შემდეგ, ჩვენი მცდელობა, როგორც მოსალოდნელი იყო, უშედეგო გამოდგა. რედ.).
_ შეგიძლიათ, რეგიონულ კოორდინატორსაც დაურეკოთ.
_ გასაგებია. ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის გითხარით, რომ ალექსაია ამბობს _ ნოღაიდელმა ასე მითხრაო.
_ როგორც ვიცი, მან ბატონი ზურა ნახა ტელეკომპანიასთან ორიოდ წუთით და ამას გარდა, გამორიცხულია, ჩვენს ლიდერს მასთან ჭორაობა დაეწყო!
_ ქალბატონო ლელა, ალექსაია საკმაოდ მძიმე ბრალდებასაც გიყენებთ _ გვაჩვენა ქსეროასლები და გვითხრა, რომ ეს არის თქვენი სიები, ვისაც თანხა უნდა მიეღო. ალექსაია ამბობს, რომ 200-დან, რეალურია, მაქსიმუმ 50 ადამიანი!
_ ძალიან მაინტერესებს, საიდან იცის ალექსაიამ ვინ რეალურია და ვინ _ არა?
_ ეს ჩვენც გვაინტერესებს _ მას მიუწვდებოდა ხელი თუ არა პარტიის შიგა სამზარეულოზე?
_ არანაირი ფუნქცია მას ჩვენს პარტიაში არ ჰქონდა! ის იყო ნიგოითის ზონაში და ეხმარებოდა მაჟორიტარს. საიდან ადგენს, რეალურად გვეხმარებოდა თუ არა ეს ხალხი, ცოტა გასაკვირია, როცა ასეთი კონკრეტული დეტალების საქმის კურსში თავადაც არ ვყოფილვარ. მე ვახდენდი საერთო კოორდინირებას, თორემ ყველაფერს თავად ვერ გავაკეთებდი. ამისთვის გვყავდა რამდენიმე ადამიანი და ისინი აგვარებდნენ რიგ საკითხებს. დარწმუნებით ვაცხადებ, ეკა ალექსაიამ არ იცოდა, თუ ვინ იყო ჩართული არჩევნების წინა პერიოდის სამუშაოებში. ერთი რამ მინდა ვუთხრა ეკა ალექსაიას და ძალიან გთხოვთ, ასე, სიტყვა სიტყვით დაწერეთ _ მისამართი ხომ არ შეგეშალა, ეკა? კი, ბატონო, კოორდინატორის 80 ლარიც მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ბოლო დროს მე გადასული ვიყავი პასიურ მდგომარეობაში და აღარ ვაქტიურობდი, რატომ არაფერს ამბობს ალექსაია, გამგებელი გია გოგუაძე მილიონებს რომ ჭამს?! გთხოვთ, ეს ზუსტად ასე დამიწერეთ!
_ გვიჩნდება საკმაოდ ლოგიკური კითხვა _ თუ ასეა, რატომ დუმხართ თქვენ, რატომ გადახვედით პასიურ მდგომარეობაში, როგორც თავად ამბობთ?
_ ავიღე ტაიმ-აუტი, რათა უფრო დიდი ძალებით შევუტიოთ! ამასთან, ვაღიარებთ, გარკვეულ პრობლემებს და უხერხულობას გვიქმნის არსებული დავალიანება და ამ ფულის გადახდამდე პატარა შესვენება გავაკეთეთ. ამჟამად თბილისში გახლავართ და ოთხშაბათ-ხუთშაბათს დაგეგმილ ღონისძიებებს აუცილებლად დავესწრები. ვიქნები ყველგან, სადაც ამ ხელისუფლების შეცვლაზე იქნება საუბარი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved