(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 8 აგვისტოს, ოზურგეთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა აქცია სახელწოდებით _ “გაეცი სისხლი უანგაროდ, გადაარჩინე სხვისი სიცოცხლე”.
აქცია საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის, ანუ სისხლის შენახვის უფლების მოპოვების ერთგვარი გახმოვანება იყო. სიმბოლურად კი, ღონისძიება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიეძღვნა.
ოზურგეთის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, შეუძლია, გაიღოს სისხლი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. გაღებული სისხლისთვის დონორი შესაბამის საფასურსაც მიიღებს.
აქციაში, გარდა ოზურგეთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმებისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
_ ქართველი ჯარისკაცების სისხლი ჩვენი ქვეყნის დასაცავად დაიღვარა, ჩვენ კი დღეს სისხლი, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად გავიღეთ, _ გვითხრა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა კახა ასკურავამ.
სისხლის გაღების ინიციატივა დადებითად შეაფასა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მცირედია რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ; _ ჩვენ ვალდებულნი ვართ, გმირების სისხლის სანაცვლოდ მცირედი მაინც გავიღოთ, _ თქვა მამეშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის ცენტრალურმა კლინიკურმა საავადმყოფომ საწარმოო ტრანსფუზოლოგიის, ანუ სისხლის შენახვის უფლების ლიცენზია გასულ კვირას მოიპოვა. აღნიშნული ლიცენზია მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ერითროციტალური მასისა და კრიოპლაზმის ადგილზე შეძენის საშუალებას მისცემს.