_ პარლამენტი იხილავს პატიმრობის კოდექსში ცვლილებებს. ეს დოკუმენტი ყველას იმით დაამახსოვრდა, რომ წიწაკის, ცრემლსადენი გაზის და დამაწყნარებელი პერანგ-საწოლის გამოყენება მოხდება ციხეებში პატიმრების მიმართ. მაგრამ ასევე საინტერესოა ის, რომ ამ ინიციატივით სოზარ სუბარი თავად აღიარებს, რომ მოქმედი კანონით მას არ ჰქონდა უფლება, ბაჩო ახალაიას საკანში ჩაეწერა მისი შეხვედრები სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებთან და აკო მინაშვილთან. კონკრეტულად საუბარია აუდიო ჩაწერაზე. თუ გახსოვთ, მაშინ სუბარი ამბობდა, ელექტრონული ჩაწერის უფლება გვქონდა და ეს აუდიო ჩაწერასაც მოიცავდაო. არადა, მოქმედ კანონში წერია: “ადმინისტრაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს აუდიო-, ვიზუალური, ელექტრონული ან კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებები”. შესაბამისად, ადვილია იმის დასკვნა, რომ აუდიო და ელექტრონული სხვადასხვა ცნებებია და ერთი მეორეს ავტომატურად არ შეიძლება მოიცავდეს. ახლა კი განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: “კოდექსის 54-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვით ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ელექტრონული მეთვალყურეობის წესი, კერძოდ, ელექტრონულ მეთვალყურეობის ერთ-ერთ სახეს განეკუთვნება ვიდეო-აუდიო ჩანაწერის განხორციელება, რაც კოდექსის 54-ე მუხლის მოქმედ რედაქციაში არ არის დაკონკრეტებული, ხოლო მიმდინარე პრაქტიკის გათვალისწინებით აღნიშნული კონკრეტიზაცია აუცილებლობას წარმოადგენს”. კანონპროექტის მიხედვით კი მოქმედ რედაქციას ემატება შემდეგი: “ელექტრონული მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო-ვიდეო და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებებით”. ბუნებრივია, ამ ცვლილებამდეც და ცვლილების შემდეგაც უკანონოა ბაჩო ახალაიას საკანში აუდიო ჩანაწერის განხორციელება, მაგრამ ფაქტია, რომ კანონს ცვლიან იმისთვის, რომ პოსტ ფაქტუმ “გააპრავონ” სოზარ სუბარის პირველადი ჩვენება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა კანონს. კანონის შეცვლა კონკრეტული ბრალდებულის პოზიციის გასამტყუნებლად და ხელისუფლების პირველადი, კანონით გაუმყარებელი პოზიციის გასამართლებლად კიდევ ერთი დამადასტურებელია იმისა, რომ ბაჩო ახალაია პოლიტიკური პატიმარია.
სასჯელაღსრულების სამინისტრო და მთავრობა კი, ამ კანონპროექტით და მათივე დაწერილი განმარტებითი ბარათით, აშკარად აღიარებენ, რომ იცრუეს. სოზარი კი ისევ მინისტრია ამის შემდეგ, _ წერს თაქთაქიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved