(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ მეწყრით, ხანძრით და სხვა სახის სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროგრამის შესაბამისად, უსახლკარო, მრავალწევრიან, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს სახლები შეუძინა. სახლების გადაცემას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი ვალერიან ჩიტაიშვილი, ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე და გამგებელი გიორგი გოგუაძე.
მერაბ და ცისმარი ვადაჭკორიებს ხუთი შვილი ჰყავთ. ოჯახი აკეთში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათთვის 7 000 ლარად აკეთშივე შეიძინა საცხოვრებელი სახლი გაშენებული ეზოთი (1 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთით) და ხეხილით. როგორც საზოგადოება “ჭანჭათელის” თავმჯდომარემ ავთანდილ წულაძემ აღნიშნა, ამ ოჯახს სულზე მოუსწრო ყველასთვის მისაღებმა გადაწყვეტილებამ.
სოსო და კალმანე (მაყვალა) გოგუების 8-სულიანი ოჯახი ჯურუყვეთში, ერთ პატარა “ქუხნა” სახლში ცხოვრობდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათთვის 6 700 ლარად ჯურუყვეთშივე შეიძინა სახლი.
ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, უსახლკარო ოჯახებისთვის სახლების გადაცემა მიწის ნაკვეთებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ საარსებო წყარო გაუჩნდათ. მომავალშიც გაგრძელდება ეს პროცესი და პრიორიტეტი ყველაზე მეტად შეჭირვებულ ოჯახებს მიენიჭებათ.