60 წლამდე კაცი, რომელსაც ორი გოგო სექსუალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” დირექტორმა, ბაია პატარაიამ, გაავრცელა.
ცნობისთვის, “საფარი” იცავს 18 და 19 წლის ქალების ინტერესებს, რომელთა მიმართ იკვეთება 60 წლის კაცის მხრიდან ჩადენილი შემდეგი დანაშაულების ნიშნები: გაუპატიურება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, ადევნება, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო-ვიდეომასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება, იძულება, ტრეფიკინგი.
როგორც ორგანიზაცია ამბობდა, სავარაუდოა, რომ იგივე პირი სხვა არასრულწლოვანების მიმართაც ჩადიოდა მძიმე დანაშაულს.
ორმა გოგომ პოლიციას 19 სექტემბერს მიმართა, თუმცა, “საფარის” თქმით, ერთ-ერთი მათგანი არ გამოუკითხავთ და მის საქმეზე არც გამოძიება დაწყებულა, მეორე ქალი კი, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ამას გარდა, მსხვერპლს განყოფილებაში მოძალადის გვერდით ხანგრძლივი დროის გატარება მოუწია, რაც მისთვის დამატებითი სტრესი იყო.