ალექსანდრე ჩივაძე იხსენებდა:
„18 წლის ვიყავი, როცა “დინამოს” დუბლებში გამომიძახეს. იმ პერიოდში თბილისის “დინამოს” ტაშკენტსა და ალმა- ათაში ჰქონდა თამაში. პირველ შეკრებაზე მითხრეს:
_ ჩემოდანს, რომელშიც ფორმა აწყვია, შენ წამოიღებო.
ყურებს და თვალებს არ ვუჯერებდი… ციმციმ ავწიე ჩემოდანი, რომელშიც ძირითადი შემადგენლობის ფორმა იყო მოთავსებული. მიჭირავს ჩემოდანი და ისეთი ამაყი ვარ, ვერ გადმოგცემთ.
ჩავედით. ბიჭებმა დაიძინეს, მაგრამ მე რა დამაძინებს?
ფეხაკრეფით მივედი, ჩუმად გავხსენი ეს დიდ განძი, მაისური ამოვიღე, გადავიცვი, სარკეში ჩავიხედე, პირჯვარი გადავიწერე და ვთქვი:
– ღმერთო, აღარ გამხადო – მეთქი… ისეთი სიყვარულით და მოწიწებით ვთხოვე…
ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე ამიხდა ჩემი ბავშვობის ოცნება.
“დინამოს” ფორმის ტარება ჩემთვის დიდი სიამაყე, ბედნიერების განცდა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იყო.
ეს კი არა, თამაშს თუ წავაგებდით, ქუჩაში ვერ გამოვდიოდით მორიდების გამო“.































































