(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ბახმაროს ტრადიციულ დღესასწაულზე ადგილობრივი ხელისუფლება ძალოვან მინისტრებს და თვით საქართველოს პრეზიდენტსაც კი ელოდებოდა, თუმცა, ღონისძიებაზე მხოლოდ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი ჩამოვიდა.
ბახმაროში სრული კონტროლი პოლიციას ჰქონდა დამყარებული და სპეციალური საშვის გარეშე, არავის უშვებდნენ. პოლიციელებისთვის სპეციალური ლოჟაც იყო მოწყობილი, სადაც გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსნები ისხდნენ. აღსანიშნავია, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები გურიის ხელისუფლებას არ დაკონტაქტებიან და არც წირვას დასწრებიან, სადაც ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველი პირები, სრული შემადგენლობით იყვნენ შეკრებილნი. ეს უკანასკნელნი ეკლესიის ეზოში ბაასით და ოზურგეთის მომავალი გამგებლის, რომელიც მხოლოდ სამშაბათს იქნება “არჩეული” _ ილია ვაშაყმაძის გაცნობა-მილოცვით იყვნენ დაკავებულნი.
პოლიციელები ხელისუფლებას არც რამაზ ნიკოლაიშვილის გამოჩენის შემდეგ მიკარებიან, რამაც კიდევ ერთხელ გაამყარა ეჭვი მთავრობაში არსებულ დაპირისპირებაზე, რომელიც, როგორც ამბობენ, გავლენების გადასანაწილებლადაა დაწყებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები არც ღონისძიების “მეორე განყოფილებაზე” დარჩენილან და წელს პირველად დაარღვიეს ერთად ქეიფის ტრადიცია.