ოჯახმა ბევრი გაჭირვება გამოიარა. ოლღა ბებია საკუთარ ისტორიას ცრემლების გარეშე ვერ ყვება, უჭირს იმის გახსენებაც, თუ როგორ დაობლდნენ მისი შვილიშვილები:
_ ახალგაზრდა ქალიშვილის გარდაცვალებამ ძალ-ღონე გამომაცალა, თუმცა, ბავშვების გამო, შევძელი ფეხზე დადგომა. ყველანაირად ვცდილობ, არ შესცივდეთ, არ მოშივდეთ. არ მინდა გასაჭირის გამო თანატოლებისგან გამორჩეულები იყვნენ, _ გვიყვება ოლღა უბილავა.
ბებია და შვილიშვილები შვილიშვილები ჩოხატაურში, ე.წ. ჩაის ფაბრიკის ავარიულ ბინაში ცხოვრობდნენ, თუმცა, წუხელ სახლი ხანძარმა გაუნადგურა, რომელიც ღამის 2 საათზე გაჩნდა და როგორც ოლღა უბილავა ამბობს, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხა:
_ აღარაფერი შეგვრჩა. ბავშვების ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები _ ყველაფერი დაიწვა. ერთადერთი, რისი გადარჩენაც მოვახერხე, ბავშვების დაბადების მოწმობები და ჩემი გარდაცვლილი შვილის ფოტოა, რომელიც ჩემს ჩანთაში იდო.
უბილავების ერთადერთი შემოსავალი ობლების პენსია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახისთვის განკუთვნილი 41-ლარიანი დახმარებაა. ქალბატონი ოლღა ბავშვების მეურვეობის თანხას ამ დრომდე არ იღებდა, რადგან, როგორც გვითხრა, მეურვეობაზე უფლება, სულ რამდენიმე დღის წინ მიიღო, თუმცა ეს დოკუმენტი, სხვა დანარჩენთან ერთად, ცეცხლში დაიწვა.
_ სახანძრო სამსახური მართლაც დროულად მოვიდა. ღმერთს მადლობა, რომ არ გავიგუდეთ და ცეცხლი დროულად შევნიშნეთ, _ თქვა ქალბატონმა ოლღამ.
ბებია და შვილიშვილები ახლა მეზობელთან არიან შეკედლებული. წასასვლელი არსად აქვთ, საიმისო თანხაც კი არ გააჩნიათ, დოკუმენტები აღადგინონ და კუთვნილი პენსია მიიღონ, რომელიც საარსებო მინიმუმსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია გიორგაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ბიუჯეტს უბილავებისთვის სახლის შეძენის საშუალება არ აქვს:
_ ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია გავაკეთოთ, ის არის, რომ მათ ბინას დავუქირავებთ და თანხას ბიუჯეტიდან გადავუხდით, _ გვითხრა გამგებელმა.
გიორგაძე ვერ გვპასუხობს, შეძლებს თუ არა გამგეობა უბილავებს დახმარება თანხითაც გაუწიოს:
_ ბიუჯეტი ერთჯერად დახმარებებს არ გასცემს. შესაბამისად, ჩვენ ვერ შევძლებთ მისთვის ფულადი შემწეობის მიცემას, _ აღნიშნა გიორგაძემ.
ოლღა უბილავამ არ იცის, ვის მიმართოს. არც ის იცის, როგორ აღადგინოს დოკუმენტაცია, რომელსაც არც თუ მცირე თანხა სჭირდება. სამაგიეროდ, ხელისუფლებამ იცის, რომ ქალბატონ ოლღას ფულად დახმარებას ვერ გაუწევს. ისიც იცის, რომ სახლის შესაძენი თანხა არ გააჩნია. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ არ იცის, ის არის, სადამდე გადაუხდის უბილავების ოჯახს ბინის ქირას და როდიდან ემუქრება ოლღა ბებიას და მის ობლებს ქუჩაში ღამის გათევა.