(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთში, უნივერმაღის გვერდით, ახალი მშენებლობა დაიწყო.
ტერიტორიაზე მისულებს მშენებლობაზე არავინ დაგვხვდა. არსად ჩანს საინფორმაციო აბრაც, რომელმაც მშენებლობის შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ მშენებლობას ბიზნესმენი ბეგი სიორიძე აწარმოებს და შესაბამისი ნებართვაც გაცემულია. თუმცა, ნებართვის გაცემის კონკრეტული თარიღი ვერ დაგვისახელეს.
აღსანიშნავია, რომ სიორიძე უნივერმაღის გვერდით მდებარე ახალაშენებულ მაღაზიებსაც ფლობს.
ადგილობრივი გარემოვაჭრეების ცნობით, სწორედ ამ მაღაზიების იდენტური მშენებლობა მიმდინარეობს უნივერმაღის გვერდით.
უნივერმაღსა და ბეგი სიორიძის უკვე აშენებულ მაღაზიებს შორის, არც ისე დიდი მანძილია და დაწყებულმა მშენებლობამ ეს მანძილი კიდევ უფრო შეამცირა, რაც საჭიროების შემთხვევაში, სახანძრო და სამაშველო სამსახურებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ უნივერმაღის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა.