(გურია ნიუსი) _ ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით, რომელიც ბახმაროს ეხებოდა და სადაც გერმანიის მოქალაქე ქართველი კურორტზე არსებულ პირობებზე საუბრობდა, ჩოხატაურის მუნიციპლაიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, უცხოელი მოქალაქეობის მქონე რესპონდენტის პრეტენზიები საფუძველს არის მოკლებული: _ ვერ ვიტყვი, რომ ბახმაროში ყველაფერი იდეალურადაა, თუმცა, ნებისმიერი დამსვენებელი ხედავს, რომ წინა წლებთან შედარებით, წინსვლა ნამდვილად არის. შუქის გათიშვა რამდენიმე წუთით ან საათით, არ მგონია, ისეთი პრობლემა იყოს იმ ფონზე, რაც ადრე იყო. წელსაც, ზამთარში მოსული თოვლის გამო, ელექტროგადამცემი ბოძები წაქცეული იყო. ენერგოკომპანიამ სერიოზულად იმუშავა, რომ სეზონზე შუქი ყოფილიყო და ახლა ისე გამოვიდა, რომ მათ ქმედებას არ ვაფასებთ. რაც შეეხება დოღზე ცხენების რაოდენობას, არსად თქმულა, რომ 50 ცხენი მონაწილეობდა და არ ვიცი, თქვენმა რესპონდენტმა საიდან მოიტანა _ იქ იყო 25-მდე ცხენი _ ქობულეთიდან, ფოთიდან, აბაშიდან, ხულოდან და ჩოხატაურის ყველა სოფლიდან, _ გვითხრა ანტონ ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენთან საუბარში გერმანიის მოქალაქემ კურორტზე არსებული პირობებით უკმაყოფილობა გამოთქვა.