(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გურიაში ახლა თხილის სეზონია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ “ვიღაც უჩინარი” ჩვეულებას არ ღალატობს და ყოველ კვირაში, ხან კი დღეში ორჯერ, ცვლის ნედლეულის ღირებულებას.
_ თხილის ფასის ზევით-ქვევით თამაშმა წნევა მოგვიმატა. ხალხის ასე წამებას ღმერთი ვის შეარჩენს?! _ ისმოდა სასოწარკვეთილი ადამიანების ხმა ოზურგეთში, 29 აგვისტოს, დილით, როცა “გულშიშველად” წოდებული თხილის მიღება რამდენიმე საათით რამდენიმე პუნქტში შეჩერდა, შემდეგ კი 1 კილოგრამი 2 ლარი ღირდა. საღამო ხანს _ 2 ლარსა და 10 თეთრამდე ასწიეს. “ბერძნულას” ფასი 2 ლარი და 50 თეთრი იყო, ზოგან _ 2,65-იც.
30 აგვისტოს, დილით, ოზურგეთში 1კგ. გულშიშველას ფასი 2 ლარი, ბერძნულას კი 2 ლარი და 65 თეთრი იყო.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოს სხვა რეგიონებში. დავუკავშირდით ჩვენს კოლეგებს, რომლებმაც გვაცნობეს, რომ ხონსა და ვანში, საშუალოდ, ზემოთ მითითებული დასახელების თხილი, შესაბამისად 2, 50 ლარი (გულშიშველა) და 3 ლარი (ბერძნულა) ღირს, სამეგრელოში, კერძოდ კი ზუგდიდში, ნებისმიერი დასახელების ხარისხიანი თხილი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს
თვის შუა რიცხვებში თხილის ფასი გაცილებით მაღალი იყო და ამიტომ, მოსახლეობის ეჭვები, მათთვის თხილის მიზანმიმართულად იაფად წაღლეტის შესახებ, სავსებით საფუძვლიანია.