წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში 19 წლის სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების საქმეზე ჯარისკაცები დაიკითხნენ.
როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ განუცხადა, გამოძიება აუცილებლად გასცემს პასუხს შეკითხვას, კონკრეტულად რა მოხდა შემთხვევის ადგილზე.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიღებს დაკრძალვის ხარჯებს, ჩვენ ყველანაირად დავუდგებით გვერდით ოჯახს. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა, ვერსიები შეიძლება ბევრი იყოს. გამოძიება მიმდინაროებს და ის გასცემს პასუხს ყველა კითხვაზე. ინციდენტის მონაწილე ყველა პირი დაკითხულია. არავინ არსად არ გაქცეულა“, – აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან იარაღის გასროლის შედეგად 19 წლის წვევამდელი გარდაიცვალა.
ამჟამინდელი ინფორმაციით, ის მეწყვილის ტყვიამ იმსხვერპლა. გარდაცვლილი ჯარისკაცი წუხელ აბაშაში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.