(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ “ფაზისის” საერო აკადემიამ ჩოხატაურში მორიგი ღონისძიება მოაწყო, რომლის ორგანიზატორი აკადემიის გურიის რეგიონალური ორგანიზაციის კოორდინატორი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი, რევაზ თედორაძე გახლდათ.
ღონისძიება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში, თამარის ციხეზე გაიმართა და მას კულტურის და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ. სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა ცნობილი ისტორიკოსი, არქეოლოგი, აკადემიკოსი იური სიხარულიძე, რომელსაც წელს 85 წელი შეუსრულდა. ბატონ იურის დიდი წვლილი მიუძღვის თამარის ციხისა და სხვა ისტორიული ძეგლების კვლევაში და სწორედ ამიტომ, საიუბილეო თარიღის თამარის ციხეზე აღნიშვნაც სიმბოლური იყო. ღონისძიების გახსნის პატივიც მას ერგო _ ბატონმა იურიმ გაიხსენა, რომ ნიკო ბერძენიშვილის თაოსნობით დაიწყო გათხრები თამარის ციხეზე.
“ფაზისის” აკადემიის წევრებმა გამოთქეს მოსაზრება, რომ იური სიხარულიძეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქედ არჩევის თაობაზე რეკომენდაცია გაეწიოს:
_ ქვევრები, დოქები, ქოთნები, ხელადები, ჯამები, ბრინჯაოს სამაჯურები და საყურეები, ქვევრში დაკრძალვის ანტიკური ხანის კოლხური ტრადიციები _ ეს თამარის ციხე და მთელი ისტორიაა, ისტორია, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება, _ აღნიშნა რევაზ თედორაძემ.
ღონისძიება ბუკისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლექსებით და სიმღერებით გაალამაზეს.
რევაზ თედორაძის ინიციატივით, ბუკისციხეში, თამარის მთაზე მემორიალური დაფა აღიმართა, რომელიც ამ მთის მცირე ექსკურსიამძღოლობას გაწევს.
მისივე თქმით, “ფაზისის” აკადემია მომავალშიც გეგმავს მსგავსი სახის ღონისძიებებს და კულტურული ძეგლების პოპულარიზაციისთვის ფართომასშტაბიან პროექტების გახორციელებას.