(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთში სახალისო ფეხბურთის ეგიდით ხუთდღიანი ღონისძიება ტარდება. ბავშვთა საფეხბურთო სკოლის დირექტორის, დურმიშხან ჩხაიძის თქმით, სახალისო ფეხბურთის ღია გაკვეთილები ჰუმანიტარული პროექტია, რომლის მთავარი იდეა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებით მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველყოფა და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაა. მსგავსი ტიპის გაკვეთილები 2001 წლიდან მიმდინარეობს. ასოციაციის შტაბბინა დანიაში, კოპენჰაგენში მდებარეობს. პროგრამის მთავარი მიზანი არ არის ნიჭიერი ნორჩი ფეხბურთელების მოძიება, ეს უფრო სპეციალიზირებული სკოლების პრეროგატივაა. სახალისო ფეხბურთის ღია გაკვეთილები ხელს უწყობს ბავშვთა დაახლოებას და ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. დურმიშხან ჩხაიძემ სახალისო ფეხბურთის მესვეურების გარდა, მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის.
ღონისძიება “გურიის” სტადიონზე გაიმართა, სტადიონი დაყოფილი იყო 12 სექტორად, 6-დან 13 წლამდე ასაკის 192 ბავშვი, მწვრთნელთა დავალებით, სხვადასხვა სავარჯიშოებს ასრულებდნენ. საგულისხმოა, რომ სხვებთან ერთად სარეაბილიტაციო დღის ცენტრ “იავნანას” აღსაზრდელები მონდომებით ვარჯიშობდნენ. ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ მაისურები და კეპები. ხოლო ბურთები და სხვა სახის სპორტული ინვენტარი დარჩება სკოლას.