(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ხელისუფლება დაბა ჩოხატაურის ცენტრალური გზის დაგებას ზაფხულის დასაწყისში გვპირდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ცხელი სეზონის დღეებში მოსახლეობას ბლომად მტვრის ყლაპვა მოუწია და ამჟამადაც იგივე მდგომარეობაა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რადგან ცნობილი გახდა, რომ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. ჩაშლის მიზეზი უცნობია, თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ხელახალი ტენდერი გასულ კვირას ისევ გამოაცხადა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 308 829 ლარია. მაგრამ, როგორც გვითხრეს, ეს თანხა მხოლოდ ცენტრალურ ქუჩას არ მოხმარდება. სატენდერო პირობებში მითითებულია, რომ 308 829 ლარად დუმბაძის მიმდებარე ქუჩების რეაბილიტირებაც უნდა მოხდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ დუმბაძის ქუჩაზე ასფალტი არ დაიგება და მხოლოდ ორმული შეკეთება მოხდება. ტენდერის პირობებში გარკვევით არის მითითებული ძირითადი სამშენებლო სამუშაოები: ფრაქციული ღორღი; მსხვილმარცვლოვანი და წვრილმარცვლოვანი ბეტონის საფარის მოწყობა; წყალმიმღები ჭების და ბეტონის არხის გაკეთება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია გიორგაძის თქმით, ცენტრალური გზის ასფალტირება ძალიან დიდი თანხა ჯდება: _ მთელი გზა რომ მოასფალტეს, მილიონ ლარზე მეტია საჭირო. ამის საშუალება კი, ამ ეტაპზე არ არის, _ გვითხრა გიორგაძემ.