(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გუშინ, ლანჩხუთი-გრიგოლეთის მთავარი მაგისტრალის ჯურუყვეთის მონაკვეთზე მომხდარ ავარიაში, ბრალდებულის სახით, დაკავებულია ბათუმის მიმართულებით მოძრავი “ფორდის” მძღოლი იუნიუს კუტარი. საპატრულო სამსახური და კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე გამთენიამდე მუშაობდნენ.
როგორც ირკვევა, “ფორდი”, რომელიც უკან მიყვებოდა ასევე თურქი მოქალაქის მიერ მართულ ავტობუსს, გადასწრებას შეეცადა, რა დროსაც მიკროავტობუსს შეეჯახა, ამის შემდეგ კი იმავე მიკროავტობუსთან შეჯახება ავტობუსმაც მოახდინა. შედეგად, მიკროავტობუსი გზის ერთ მხარეს გადავარდა, მისი მისაბმელი ოციოდე მეტრში გადაბრუნებული სახით დავარდა, ხოლო ავტობუსი საპირისპირო მხარეს, გზის პირას ჩავარდა. იმდენად დიდი იყო შეჯახების ძალა, რომ მიკროავტობუსის მისაბმელი თავად ტრანსპორტზე წინ აღმოჩნდა. ასევე გასაკვირია, რომ ბათუმისკენ მიმავალი “ფორდს” პირი რომ თბილისისკენ ჰქონდა. ერთი რამ აშკარაა, ავტობუსი და “ფორდი” ორივე წინა მხრიდან შეეჯახა მიკროავტობუსს.
დაკავებული თურქი მძღოლი აცხადებს, რომ მას არაფერი ახსოვს, გარდა იმისა, რომ უკნიდან შეეჯახნენ. არადა, “ფორდს” უკანა მხარე დაზიანებული საერთოდ არ აქვს, რითაც მისი ჩვენება არ დასტურდება.