(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ბაკურიანიდან ლანჩხუთისკენ მომავალი, ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის დირექტორი დურმიშხან ჩხაიძე მძიმე ავტოავარიაში მოხვდა. მისი კუთვნილი ყველგანმავალი ჯერ ბოძებს შეეჯახა, შემდეგ ამოყირავდა და ასე გაიარა რამდენიმე მეტრი. მასთან ერთად ავტომობილში მეუღლე იმყოფებოდა. საბედნიეროდ, დაზიანება არც ერთ მათგანს არ მიუღია, მხოლოდ ბატონმა დურმიშხანმა იტკინა ხელი: _ ძალიან მძიმე ავარია იყო. ამოვყირავდით და “კაპოტით” გავიარეთ რამდენიმე მეტრი. ჩემი მეუღლე იოლად გადმოიყვანეს, ჩემს ამოსაყვანად კი მანქანის გაჭრა გახდა საჭირო. არ ეგონათ, თუ ცოცხალი ვიქნებოდი. ღვედმა გადამარჩინა. პატრულიც მოვიდა, რომელიც, კარგად მოგვექცა და დახმარებაც გაგვიწია. როგორც ჩანს, გადაღლილს გზაზე ჩამთვლიმა და ეს გახდა ავარიის მიზეზი. მანქანა ძალიან დაზიანდა, თუმცა ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ არავინ დაშავებულა, _ გვითხრა დურმიშხან ჩხაიძემ.