(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის მცხოვრებლები, სოფელში საბავშვო ბაღის გახსნას უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვენ. როგორც სოფლის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, არის კონტიგენტი, არსებობს შენობა, თუმცა, ხელისუფლება ამით არ ინტერესდება:
_ ძალიან დიდი ხანია, საბავშვო ბაღის გახსნას ვითხოვთ. ვანზომლეთი დაბა ჩოხატაურისგან მოშორებითაა, შესაბამისად, ძალიან რთულია ბავშვი ჩოხატაურში ატარო. არც სხვა სოფლის ბაღებია ახლოს. ბაღის ასაკის 25 ბავშვია ჩვენს სოფელში. ამბობენ, საშუალება არ გვაქვსო. თუ სხვა სოფლებისთვის გამონახეს საშუალება, ვანზომლეთელებმა რა დააშავეს? მით უმეტეს, რომ ახლა ბაღები ისეთ სოფლებში გახსნეს, რომლებიც რაიონთან ახლოს მდებარეობს. ამის წინააღმდეგები არ ვართ, პირიქით, ვფიქრობთ რომ ბაღი ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენი თხოვნა რატომ არ მიაჩნიათ არაფრად?! _ აღნიშნეს “გურია ნიუსთან” საუბრისას ვანზომლეთელებმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, დიმიტრი კორიფაძის თქმით, მსგავსი თხოვნით გამგეობისთვის ვანზომლეთიდან არავის მიუმართავს: _ პირველად მესმის, რომ ვანზომლეთში ბაღის გახსნას ითხოვენ.
_ ახლა რომ გაიგეთ, რას იზამთ?
_ ბაღის გახსნა ბევრ სოფელში სურთ, თუმცა, ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის ამის საშუალება. თანხები უნდა გამოიძებნოს. ზოგადად, ამ საკითხზე მუშაობს ხელისუფლება და საბავშვო ბაღი, ნელ-ნელა, ყველა სოფელში გაიხსნება, _ გვითხრა კორიფაძემ.