(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ სამშაბათს, გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა, ვიცე-გუბერნატორებმა _ თამაზ მახარაძემ და ლელა თავართქილაძემ ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ისინი უშუალოდ მივიდნენ ცენტრალური სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასფალტის დაგება მიმდინარეობდა. რეგიონის პირველმა პირებმა ლანჩხუთის გამგებელთან გიორგი გოგუაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ზვიად აფხაზავასთან ერთად დაათვალიერეს ქალაქის ქუჩების (ჟორდანიას ქუჩის მოედნის, ბარათაშვილის, მეგობრობის, ჭანტურიას, სამების, კვირკველიას ქუჩის წერტილოვანი შეკეთება) რეაბილიტაცის სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს შპს “არდ დი აი”; ასევე დაათვალიერეს ჟორდანიას ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის შიდა ეზოს და არსებული სასტუმროს შენობის მიმდებარე გზების რეაბილიტაციის სამუშაოები. ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, “რეგიონული განვითარების ფონდიდან 500 ათასი გამოიყო, ამ თანხით კეთდება 2 ხიდი, რამდენიმე ქუჩის და საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად გურიაში და მათ შორის, ლანჩხუთში ასეთი სახის სამუშაოები მიმდინარეობს და ინფრასტრუქტურა წესრიგდება”.