(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც ლანჩხუთელი გია ორაგველიძის დაღუპვის მიზეზებს ეხებოდა, ორივე მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. ჯერ წერილს ადგილობრივი მედიცინის მუშაკები გამოეხმაურნენ. აღსანიშნავია, რომ ყველა გამოხატავდა თანაგრძნობას დამწუხრებული ოჯახის მიმართ, თუმცა, ისინი კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ წერილში გამოთქმულ ბრალდებებს, რომელსაც გარდაცვლილი გია ორაგველიძის ოჯახი ძირითადად ლანჩხუთის საავადმყოფოს ქირურგს დავით გოგლიჩიძეს უყენებს.
ჩვენს წერილს ასევე გამოეხმაურა გარდაცვლილის ოჯახი: _ ჩვენ აღგვაშფოთა ექიმ დავით გოგლიჩიძის სიტყვებმა: “ოპერაციის დროს რომ შეცდომა დამეშვა, ავადმყოფი ორ თვეს ვერ იცოცხლებდაო”! განა ის სიცოცხლე იყო, როცა მისი ყველა ორგანო აპარატზე იყო შეერთებული? როდის იყო კუჭის წყლულის ოპერაციით დღეს ადამიანები იღუპებოდნენ? იცოდეთ, გია ორაგველიძის სიკვდილი თქვენ ცოდვად გადევს კისერზე. გამწარებული ოჯახისთვის როგორ მისაღებია სიტყვები _ დავით გოგლიჩიძე კარგი სპეციალისტიაო? კარგ სპეციალისტს ეს როგორ მოუვიდა? იცოდეთ, ყველაფერს ჯანდაცვის სამინისტროს ვაცნობებთ! _ აცხადებს გია ორგაველიძის ოჯახი.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილის ოჯახი პაციენტის დაღუპვაში ექიმ დავით გოგლიჩიძეს ადანაშაულებდა. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა ყველა ბრალდება უარყო. გოგლიჩიძე ასევე დაიცვა ექიმი სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა, თინათინ გოგუაძემ: _ ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი ბრალდებები გამოქვეყნდა გაზეთში. ექიმი და საავადმყოფო ტყუილად იქნენ დადანაშაულებულები. პაციენტის დაღუპვის მიზეზი ლანჩხუთის საავადმყოფოს მედპერსონალის დაუდევრობა, შეცდომა ან არაპროფესიონალიზმი კი არ ყოფილა, არამედ ის, რომ პაციენტს სხვა ორგანოების პრობლემაც ჰქონდა, ჩათრეული იყო ღვიძლი და თირკმელები და სწორედ ეს გახდა დაღუპვის მიზეზი, _ ასეთია ლანჩხუთელი მედიკოსების პოზიცია.