ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ მისი კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კომპანია Pfizer-ში აცხადებენ, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა (FDA) და საერთაშორისო რეგულატორებს მიმართავენ, რათა, რაც შეიძლება მალე დაუშვან კომპანიის ახალი პრეპარატი. ავტორიზაციის შემთხვევაში, კომპანია გაყიდის წამალს ,,Paxlovid“ ბრენდის სახელით.
ასევე, გამოცემა წერს, რომ Pfizer-მა 775 ზრდასრული ადამიანის კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. იმ პაციენტებში, რომლებიც კომპანიის პრეპარატს სხვა ანტივირუსულ პრეპარატთან ერთად იღებდნენ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთი თვის შემდეგ 89%-ით შემცირდა.
„ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ რაღაც არაჩვეულებრივი გვქონდა, მაგრამ იშვიათია, რომ ნახოთ დიდი წამლები თითქმის 90% ეფექტურობით და 100% სიკვდილისგან დაცვით“, – თქვა ექიმმა მიქაელ დოლსტენმა, Pfizer-ის მთავარმა სამეცნიერო ოფიცერმა.
კვლევის მონაწილეები არავაქცინირებულნი იყვნენ, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდინფიცირებით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი ან გულის დაავადება ჰოსპიტალიზაციის მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.
როგორც The Associated Press წერს, მკვლევარები მთელ მსოფლიოში იბრძვიან, რომ იპოვონ აბი COVID-19-ის საწინააღმდეგოდ, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნება სახლში, სიმპტომების შესამსუბუქებლად, გამოჯანმრთელების დაჩქარებისა და საავადმყოფოებისა და ექიმების მძიმე ტვირთის შესამცირებლად.
[sexy_author_bio]