აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებში ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებენ, არ იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში.
როგორც ვებგვერდზეა განმარტებული, ამის მიზეზია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დანაშაულის ჩადენის, სამოქალაქო არეულობისა და ნაღმების არსებობის რისკი.
„რუსეთის ჯარები და მესაზღვრეები როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის ოკუპაციას ახდენენ. ძნელია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ზუსტი განლაგების განსაზღვრა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა გამოიწვევს თქვენს დაკავებას, დაპატიმრებას და/ან დაჯარიმებას. აღნიშნულ ტერიტორიებზე ძალადობრივი თავდასხმები და კრიმინალური ინციდენტები ხდება. ნაღმები საფრთხეს უქმნის მოგზაურებს ორივე ტერიტორიის სასაზღვრო ხაზებთან ახლოს. აშშ-ის მთავრობა ვერ ახერხებს საგანგებო მომსახურების გაწევას აშშ-ის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ვინაიდან აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებისთვის იქ მოგზაურობა აკრძალულია“, – ნათქვამია განცხადებაში.