როდის შეიძლება დაიწყოს საქართველოში მოზარდების ვაქცინაცია – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.
„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვაქცინის სხვადასხვა მწარმოებელთან, COVAX-თან მოლაპარაკებები არც შეჩერებულა. რა თქმა უნდა, იგეგმება ვაქცინის დამატებითი დოზების შეძენა. რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი მუშაობს ჩვენთან ერთად, რათა დამატებითი დოზების მობილიზაცია მოხდეს. ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად განიხილავენ დონაციის შესაძლებლობას. ეს ყველაფერი ჯამში შექმნის იმის პირობას, რომ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინები ქვეყანაში კიდევ შემოვიდეს, რათა ჩვენ გავაფართოვოთ ჩვენი სამიზნე კონტინგენტის მოცვა და ვისაუბროთ მოზრდილი მოსახლეობის 80%-იც მოცვაზე. როგორც კი იქნება ჯანმოს შესაბამისი რეკომენდაცია მოზარდების ვაქცინაციის დაწყებაზე, ეს რეკომენდაციაც იქნება გათვალისწინებული“, – აცხადებს თამარ გაბუნია.