გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ურუშაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. დღეიდან რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან ჯაფარიძე, ხოლო მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი იქნებიან. გიორგი ურუშაძემ მოადგილეები სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს გააცნო, _ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ლევან ჯაფარიძე პროფესიით სახელმწიფო მართვის სპეციალისტი და სამართალმცოდნეა. იყო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი. 2013-2021 წლებში მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“-ში, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. 2010 წელს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი.2005-2006 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურ ორგანიზაციათა ლიგის ხელმძღვანელი. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდკავშირის პრეზიდენტი.
ზაზა შოშიტაიშვილი პროფესიით ეკონომისტია, მას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ოზურგეთის საკრებულოში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. იყო მთავარი სპეციალისტი მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებში, საკრებულოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და აპარატის უფროსი. ზაზა შოშიტაიშვილი 1997-2000 წლებში იყო ოზურგეთის რაიონის გამგებლის თანაშემწე, ხოლო 2000-2004 წლებში მუშაობდა რწმუნებულის თანაშემწედ.