“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი ღლონტმა ბრიფინგი გამართა.
“2 ოქტომბერი ოზურგეთის ისტორიაში დარჩება ერთ–ერთ შავ ლაქად, როდესაც თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ ე. წ. ხელისუფლებამ განახორციელა სრული რევანში.
ჩვენ ვნახეთ, როგორც “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მხრიდან, ასევე, პირადად ბიძინა ივანიშვილის კანდიდატის ბატონი კონსტანტინე შარაშენიძის მხრიდან, რომ მათ ახლა გაახსენდათ, თუ ჩემს ხალხს ოზურგეთში შია, თუ ჩემს ხალხს ოზურგეთში არ აქვს სასმელი წყალი.
ჩვენ ვიხილეთ, როგორ ხდებოდა საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მოსყიდვა და შანტაჟი. ასევე ვიხილეთ ოზურგეთის ჩამოშლილი სასამართლო… ამით “ქართული ოცნების“ კანდიდატს შეუნარჩუნეს არჩევნებში მონაწილეობა“, _ აღნიშნა ირაკლი ღლონტმა.
მისი თქმით, ის არ აპირებს ოზურგეთიდან წასვლას და აქტიურად ჩაებმება პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ამავე ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე:
“40 უბნიდან 16 უბანზე არ დაჯდა ბალანსი, რაც ნიშნავს იმას, რომ იმაზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა 2 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე, ვიდრე ამ ოქმებში წერია.
ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები. ამ ოქმებზე უნდა მოხდეს რეაგირება.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ საოლქო საარჩევნო ოლქს და არაა გამორიცხული, მივმართოთ პროკურატურასაც“, _ თქვა დავით მჟავანაძემ.
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბერდია ლომიძის თქმით, ცეესკოს ახალი გადაწყვეტილებით, ხვალ მოხდება ხუთი უბნის შედეგების გადათვლა. საოლქოში არ გამორიცხავენ, რომ საჩივრის შეტანის შემთხვევაში სხვა პრობლემური უბნების გადათვლაც მოხდეს.
[sexy_author_bio]