17 მარტს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ორი ქვეითი დაიღუპა. ერთი ავარია კლინიკა ,,მედინასთან” მოხდა, მეორე კი – სარიტუალო დარბაზ „სამ ძმასთან“. ინფორმაციას მომხდარის შესახებ “ბათუმელები” ავრცელებს.
დაახლოებით 40 წლის ქალს კლინიკა „მედინასთან“ იმ დროს დაეჯახა ავტომანქანა, როცა ის გზაზე გადადიოდა. კლინიკაში გვითხრეს, რომ ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, როცა იგი მათთან შეიყვანეს.
„მისი შვილი რამდენიმე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია, ქალს რძე მოჰქონდა ბავშვთან, საღამოს 9 საათი იქნებოდა,“ – გვითხრა კლინიკა „მედინას“ ემერჯენსის უფროსმა, ლევან ქობალიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, დაახლოებით ღამის 12 საათზე, კიდევ ერთი ავარია მოხდა – ავტომანქანა დაეჯახა იოსებ აბაშიძეს. ის სარიტუალო დარბაზ „სამ ძმასთან“, ზებრაზე გადადიოდა. კაცი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
წყარო: ბათუმელები