3 ნოემბერს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც „თეატრალურის კვარტეტის“ 20 წლის საიუბილეო კონცერტს და შემდეგ კი მათი სახელობის ვარსკვლავის გახსნაზე იმყოფებოდა, დიდი დღესასწაულის მომსწრენი გახდნენ.
კონცერტზე „თეატრალურის კვარტეტის“ წევრებმა კობა ჭეფხოძემ, ლაშა კირვალიძემ, ოთო კოვზირიძემ და ირაკლი აბჟანდაძემ მაყურებელს ყველასათვის საყვარელი, ძველი სიმღერების ახალი ვარიანტები და ახალი სიმღერები შესთავაზეს.
ორი საათის განმავლობაში, ოთხივე მომღერალმა შესვენების გარეშე იმღერა და ყოველი სიმღერის დასრულების შემდეგ მაყურებლისგან დამსახურებულ აპლოდისმენტებს იღებდნენ.
კონცერტის წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა:
_ ეს დღე სრულიად გამორჩეულია. ეს შეიძლება, გახდეს მაგალითი თუ როგორ შეიძლება დაიწყო დიდი თავგანწირვა შენი პროფესიისადმი სიყვარულით, კეთილშობილებით, კომპოზიტორისადმი დიდი პატივისცემით მოიტანო შენი შემოქმედება, ბიოგრაფია სრულიად საქართველოში. დღეს თეატრალურის კვარტეტს 20 წელი შეუსრულდა- ზოგისთვის რა ცოტაა და ზოგისთვის რა ბევრი, როცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გუნდი ხარ სახელოვნებო სივრცეში, როდესაც ცდილობენ კომპოზიტორები, რომ შენს რეპერტუარში იყოს მათი სიმღერები. როდესაც შენ გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილი გიჭირავს შენი დამოკიდებულებით და პროფესიისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. ყველას ყველაფერში პატრონი ჭირდებაო, ხომ ამბობენ. აი, ეს ბიჭები მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პროტექცია, არანაირი პატრონი არ ჰყოლიათ, ქართული სიმღერისადმი დიდი სიყვარულით მოვიდნენ დღემდე. თეატრალური ინსტიტუტის და შემდეგ, უკვე უნივერსიტეტის კიბეებზე მღეროდნენ ერთად. ერთხელ გიგა ლორთქიფანიძემ შეამჩნია მათი საოცარი ნიჭი და ასე მოვიდნენ დღემდე,“ – თქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.
კონცერტის დასრულების შემდეგ „თეატრალური კვარტეტის“ სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. იუბილარმა მომღერლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას მადლობა გადაუხადეს ყველა მათგანს ვინც 20 წლის განმავლობაში მათ განვითარებას ხელი შეუწყო.
ლაშა კირვალიძე: მთავარი ჯილდო არის ხალხის სიყვარული. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს საყვარელ მსმენელს.
კობა ჭეფხოძე: ამაზე დიდი ბედნიერება, რა უნდა იყოს. ამდენი ხალხი არის ჩვენს გვერდით და მათან ერთად ვიზიარებთ დღევანდელ დღესასწაულს.
ოთო კოვზირიძე: ძალიან ვნერვიულობდით და ასევე გვეამაყება, რომ ეს კონცერტი ჩატარდა.
ირაკლი აბჟანდაძე: მე ვარ ბედნიერი, რადგან ჩვენი მსმენელი ჩვენს გვერდით არის და ერთად ვიზეიმეთ 20 წლის იუბილე.
ავტორი