2022-2023 წელს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო 200-მა რუსმა სპორტსმენმა შეიცვალა მოქალაქეობა, მათგან 5-მა საქართველოზე შეაჩერა არჩევანი, – მონაცემებს გამოცემა Холод ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, საუბარია როგორც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებზე, ასევე დამწყებ სპორტსმენებზე.
ყველაზე ხშირად მოქალაქეობას ჭადრაკის მოთამაშეები იცვლიდნენ. ჯამში 141-მა ათლეტმა შეიცვალა მოქალაქეობა, მათ შორის არის მსოფლიოს ჩემპიონი მოჭადრაკე ქალებში, ალექსანდრა კოსტენიუკი.
მეორე ადგილს ფიგურული სრიალი და საცხენოსნო სპორტი იკავებს, ორივე მიმდინარეობას 11-11 სპორტსმენი გამოეთიშა. მათ შორის არის რუსი მოციგურავისა და მწვრთნელის, ეთერი თუთბერიძის შვილი დიანა დევისი, რომელიც საქართველოს სახელით აგრძელებს ასპარეზობას.
მოქალაქეების ცვლილების მიხედვით მესამე ადგილზე რიტმული ტანვარჯიშისა და ჩოგბურთის სახეობები არიან. ორივე სპორტის 5-5-მა წარმომადგენელმა განაცხადა მოქალაქეობის შეცვლის შესახებ.
რუსეთმა ოთხი ათლეტი დაკარგა მოტოსპორტში და ფეხბურთში. ორი სპორტსმენი გამოაკლდა რუსულ ველო-სპორტს, მოტო-რბოლას, ცურვას, ბოქსს, ნიჩბოსნობასა და ნაოსნობას. მათ შორის არის მსოფლიოს სამ-გზის ჩემპიონი ცურვაში, ანასტასია კირპიჩნიკოვა.
ერთმა სპორტსმენმა შეიცვალა მოქალაქეობა თავისუფალი ჭიდაობის, ბიათლონის, ძიუდოს, არტისტული ტანვარჯიშისა და ალპური სრიალის დისციპლინებში.
როგორც Холод წერს, ყველაზე ხშირად რუსი სპორტსმენები ისრაელის, სერბეთისა და გერმანიის დროშის ქვეშ გამოდიან. საქართველო, თურქეთი და ფინეთი კი 5-5-მა სპორტსმენმა აირჩია.