ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე ,,გურია ნიუსთან“ ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრობს. როგორც არჩვაძე გვეუბნება, ხალხი ციფრებში გამოსახულ დადებით ეკონომიკურ ტენდენციებს ვერ გრძნობს. ამასთან, ექსპერტი ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარების აუცილებლობაზე მიუთითებს.
,,ზოგადად, მოსახლეობის კეთილდღეობა არ იზრდება, თუმცა, სხვაობა რაც შეინიშნება ეკონომიკურ ზრდასა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობას შორის საგრძნობია. მიზანი ახლა არის ის, რომ ბმა მაკროეკონომიკურ ზრდასა და ოჯახების კეთილდღეობას შორის იყოს რაც შეიძლება მაღალი, ამისთვის კი აუცილებელია, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს არა მარტო აბსოლუტურ გამოსახულებაში, არამედ თანაბრად მიღწევადი ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში, დარგებში და ასევე, რეგიონებში. ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმისა და დედაქალაქის ზრდის შედეგად არ უნდა განვითარდეს“,_განაცხადა არჩვაძემ.
ექსპერტს ვკითხეთ_ თუკი საქსტატის მონაცემებით, მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7,5 %-ს მიაღწია, რა საჭირო იყო სამთავრობო ეკონომიკური გუნდის შეცვლა?
_ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა 2003 წელს, როცა 11, 2 %-ით გაიზარდა ეკონომიკა, მაშინ მოხდა ,,ვარდების რევოლუცია“, ამიტომ გარკვეულწილად , ეკონომიკურ ზრდასა და მთავრობის მოვალეობას შორის ხისტი ბმა არ არსებობს _ გვითხრა არჩვაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 7,5 %-ს მიაღწია, რაც მისი თქმით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.