(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ 18 სექტემბერს, სოფელი ლესაში საქართველოს პრეზიდენტსაც კი ელოდნენ _ მიხეილ სააკაშვილს, არაოფიციალური ინფორმაციით, ლანჩხუთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზა უნდა გაეხსნა.
საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, კომპანია ნიუ-ენერჯის მიერ წარმოებული სამუშაოები დასრულებულია, ბეტონის გზა _ ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესა ოფიციალურად გაიხსნა, 14 სოფლის და ორი რაიონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა გასული წლის აპრილში დაიწყო, გაჭიანურებული სამუშაოები ერთი წლის და ხუთი თვის შემდეგ ჩაბარდა. მოწესრიგდა საინიაღვრე სისტემა, გაკეთდა ეზოებთან მისასვლელი, ნაწილობრივ გამოიცვალა ბოგირები. გახსნას რეგიონალური განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, კომპანია ნიუ-ენერჯის წარმომადგენელი, მეუფე იოსები, ადგილობრივი ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ. მისალმების შემდეგ, რეგიონალური განვითარების მინისტრთან ერთად, გურიის მაღალჩინოსნებმა რუკასთან, ახალი ბეტონის გზის მნიშვნელობასა და მის დანიშნულებაზე ისაუბრეს. რამაზ ნიკოლაიშვილმა შეკრებილებს ჰკითხა _ კმაყოფილნი არიან თუ არა ახალი გზის გახსნით, პასუხად კი 30-მდე ადამიანის კმაყოფილი გამომეტყველება მიიღო… ლესა, ჯურუყვეთი, ეწერი, ბაღლეფი, ნინოშვილი, გულიანი, იანეთი, ბოგილა, ჯუმათი, სილაური, ბაილეთი, სოფელ ოზურგეთი, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ამ სოფლების მოსახლეობა 24 კმ-იანი ბეტონიზირებული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს. აქამდე ლანჩხუთელები და ოზურგეთელები ერთმანეთს შემოვლითი გზებით (აცანა-მამათი-ძიმითი; სუფსა-ურეკი-ნატანები) უკავშირდებოდნენ და გზის ხანგრძლივობა ერთ საათი იყო, ახლა კი ლანჩხუთიდან ოზურგეთში (30 კმ) ჩასვლა დაახლოებით 20-25 წუთში იქნება შესაძლებელი.
ლანჩხუთის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა “მხედრებმა” “მრავალჟამიერი” და “ხასანბეგურა” შეასრულა, ახალი გზა აკურთხა და სოფელი დალოცა მეუფე იოსებმა.
შეხვედრაზე რამაზ ნიკოლაიშვილისგან კიდევ ერთი საინტერესო ფრაზა გაისმა: _ “ახლა ბახმაროს უნდა მივხედოთ”! თუმცა, რა იგულისხმება “მიხედვაში” მინისტრს არ დაუკონკრეტებია.