19 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში მუშაობა განახლდა.
_ ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღში სულ 130 ბავშვია. ჩვენთან მოქმედებს ახალი პროგრამა, რადგან 5-წლიანი 14 ბავშვი მიდის სკოლაში. 4-წლიან აღსაზრდელებთან სხვა პროგრამით ხდება მუშაობა, _ გვითხრა #9 საბავშვო ბაღის მენეჯერმა, ვერა ვასაძემ.
საბავშვო ბაღებს ხელისუფლების წარმომადგენლები და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი დილიდანვე ეწვივნენ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა პატარებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, მშვიდობიანი ცა უსურვა და საჭიროების შემთხვევაში, აღმზრდელებს დახმარება აღუთქვა.
ოზურგეთის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა, მაკა ჭყონიამ “გურია ნიუსის” კითხვაზე, არის თუ არა წელს ცვლილება სკოლამდელ დაწესებულებებში, თქვა, რომ გასული წლის მსგავსად, ბაღებში გადასახადი წელსაც იგივე დარჩა. მშობლები ქალაქის საბავშვო ბაღებში გადაიხდიან 15 ლარს, ხოლო სოფლებში _ 10 ლარს: _ წელს ფილიალების მართვის პროცესში შეტანილია ცვლილება, რომელიც ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციით მიიღო, რომლის მიხედვითაც დაბალანსდება ურთიერთთანამშრომლობის პრინციპი მშობელსა და ცენტრს შორის. კერძოდ, ცენტრი ხელშეკრულებას გააფორმებს მშობლებთან, რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული, როგორც ცენტრის მოვალეობები და პასუხისმგებლობები, ასევე მშობლის მოვალეობები.
ჩვენს დაინტერესებას, თუ რა პრინციპს ემყარება მშობელთან ხელშეკრულების დადება, მან განაცხადა, რომ ეს დაარეგულირებს აღსაზრდელის დასწრებას სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესზე, ასევე დაარეგულირებს მშობელთა შემონატანის დროულად გადახდას. გადახდის პრინციპს (მშობელი ვალდებულია, თანხა გადაიხადოს ბანკში), ასევე, ხელშეკრულების მიხედვით, აღსაზრდელს საპატიოდ ჩაეთვლება ყოველი გაცდენილი დღე, რომელზეც მშობელი წარადგენს ავადმყოფობის ცნობას. ხელშეკრულებაში ასევე ჩადებულია სტანდარტს ზევით მომსახურების პირობები. მშობლის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის გახანგრძლივება დამატებით ერთი საათით, რისთვისაც მშობელი გადაიხდის დამატებით თანხას.
_ ფილიალების ცენტრალიზებული წესით მართვამ გაცილებით მოქნილი გახადა სამუშაო პროცესი. ფილიალები ადგილზე მარაგდება ყველა საჭირო პროდუქტით და საკანცელარიო ნივთებით, _ თქვა ქალბატონმა მაკამ.