(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ბოლო დროს, ოზურგეთში კრიმინოგენური სიტუაცია გაუარესდა. რამდენიმე დღის წინ, ურეკის ყოფილი გამგებლის და ადგილობრივი ბიზნესმენის, ჯუმბერ ყაზაიშვილის სახლი გაძარცვეს, საიდანაც ქურდებმა ერთი კილო ოქრო მოიპარეს; გოთუას ქუჩაზე მცხოვრები, 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ბასრი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ “გურია ნიუსს” წყარომ აცნობა.
ინფორმაციის დასადასტურებლად “გურია ნიუსი” ოზურგეთის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორს, კახა ასკურავას დაუკავშირდა. მან დაადასტურა, რომ საავადმყოფოში ამჟამად დაჭრილი მოქალაქე წევს, თუმცა, მეტი ინფორმაციის მისაღებად, კითხვების წერილობით მიწოდება მოითხოვა.
_ როდის შემოიყვანეს დაჭრილი საავადმყოფოში?
_ პაციენტი 17 სექტემბრით არის გატარებული.
_ ვინ არის პაციენტი, როდის შემოიყვანეს და როგორია ამჟამად მისი მდგომარეობა?
_ მაგ თემაზე ინფორმირებისთვის უნდა მოგვმართოთ ოფიციალურად, წერილობით და ჩვენც ოფიციალურად გაგცემთ პასუხს. პაციენტის მდგომარეობაზე კი მისი ექიმი გიპასუხებთ.
დაჭრილის ექიმი “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: _ მე ვიყავი მორიგე ექიმი. პაციენტი თავად მოვიდა საავადმყოფოში და მითხრა, რომ არის დაჭრილი. აღენიშნებოდა ბასრი იარაღით მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. არ ამბობდა, ვინ დაჭრა. შევიყვანე, დავუმუშავე ჭრილობა და გაუკეთდა ოპერაცია. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქმეს ოზურგეთის პოლიციის სამმართველო იძიებს.