2021/2022 UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში არ გაიმართება. ინფორმაციას გამოცემა Associated Press უეფას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლო 24 საათის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, UEFA-მ საგანგებო შეხვედრა 25 თებერვალს ჩანიშნა, შეხვედრაზე განიხილება ჩატარდება თუ არა ფინალი რუსეთის ქალაქში. გადატანის შემთხვევაში ასოციაცია ხუთი ქალაქიდან – რომი, მიუნჰენი, ბარსელონა, ამსტერდამი და პარიზი, ერთს აარჩევს.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლო 24 საათის განმავლობაში ვითარების ევოლუციის შემდეგ, უეფას პრეზიდენტმა გადაწყვიტა მოიწვიოს აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა… სიტუაციის შესაფასებლად და ყველა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად“, _ განაცხადა უეფამ.
ფინალური მატჩი, 28 მაისს, სანქტ-პეტერბურგის გაზპრომ არენაზე უნდა გაიმართოს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა დაახლოებით 70 მილიონი ევრო ჯდება.
მანამდე ბრიტანეთის მთავრობა და გულშემატკივართა ჯგუფები უეფას სთხოვდნენ, აღარ ეთამაშა თამაში სანქტ-პეტერბურგში, სადაც სტადიონი რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტის გაზპრომის მიერ არის დაფინანსებული.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრამდე რამდენიმ დღით ადრე ბრიტანული პრესა UEFA-ს ფინალის გადატანისკენ მოუწოდებდა.