ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „Forbes კვირა“ არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და განმარტა, რომ დღეს განვითარებული მოვლენები წმინდა ეკონომიკურ ხასიათს არ ატარებს და კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული.
„გეტყვით რას ვგულისხმობ – როდესაც კრიზისი გამოწვეულია სუფთა ეკონომიკური ან ფინანსური მიზეზებით, პირდაპირ იწყება ეკონომიკის სტიმულირება. თუ ეს ფინანსური სექტორი იყო პირდაპირ იწყება ბანკების გადარჩენა და ჩასხმა და ა.შ, როგორც ეს მოხდა აშშ-ში და არაერთ ერთ ქვეყანაში 2008 წლის შემდეგ. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ ამ კრიზისის მამოძრავებელი ძალა არის უხილავი, ეს არის ეპიდემია. აქ ჰუმანიტარული კომპონენტი არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში უნდა დავძლიოთ გავრცელების მაღალი ტემპები და ეს პროცესი გავხადოთ მართვადი. ამისთვის საჭიროა შეზღუდვები, რომელიც არაერთმა ქვეყანამ განახორციელა. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი და ამ მხრივ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ეს შეზღუდვები დავაწესეთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, სწორედ ამან შეანელა ქვეყნის ეკონომიკის დარგები. მისი თქმით, ვირუსის დაძლევის შემდეგ საქმეში უკვე ეკონომიკური კრიზის დაძლევის კლასიკური ინსტრუმენტები ჩართვა უფრო ეფექტიანი გახდება, ამიტომ მთავრობა მოლაპარაკებებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან აწარმოებს.
„ჩვენი რეალისტური ამოცანაა მილიარდნახევარი მოვიზიდოთ. ეს შეიძლება იყოს მეტიც, მაგრამ რეალისტურს ვგულისხმობ, იმიტომ რომ წინა მოლაპარაკები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან არის პრაქტიკულად დასრულებული. პრაქტიკულად ჩვენ გადავედით ხელშეკრულების გაფორმებებზე, რომლებიც შემდგომში მიეწოდება პარლამენტს რატიფიცირებისთვის და უკვე ჩამორიცხვები დაიწყება. ჩვენი ვარაუდი არის მილიარდნახევრამდე მოზიდვა, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ წელი მეტი თანხითაც დავასრულოთ“, – განმარტა მინისტრმა.
მინისტრი განმარტავს, რომ უცხოეთიდან შემოსული თანხების და ქვეყნის შიგნით ეკონომიის შედეგად დაზოგილი სახსრები პირველ რიგში ვირუსის გავრცელების მართვას მოხმარდება.
„ამის შემდგომ თანხები თუ მორჩა რასაკვირველია ის წავა არა დეპოზიტებზე, არა ეროვნულ ბანკში, არამედ ის წავა ქართულ ეკონომიკაში, ის წავა ფისკალურ სტიმულში იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ როგორც მინიმუმ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპებს, რაც გვქონდა. და არამარტო ჩვენ დავუბრუნდეთ, არამედ ეს ტემპი უნდა დავაჩქაროთ. 2021 წელს ჩვენ უნდა ამოვქაჩოთ ის, რაც დავკარგეთ 2020-ში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
































































