წავა თუ არა ნიკა გვარამია პოლიტიკაში და რა კონფიგურაციით – “მთავარი არხის” დამფუძნებელი ტვ პირველთან ამბობს, რომ ის მზადაა ოლიგარქის ძალაუფლებისგან ჩამოშორებაში აქტიურად ჩაერთოს და მათ შორის დაეხმაროს ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ რეალური ცვლილებების სურვილი და გეგმა. ნიკა გვარამია საკუთარ აქტივობებს სწორედ მათთან ერთად მოიაზრებს და ამბობს, რომ სხვის მიერ ნაკარნახევი წესებით თამაშს არ აპირებს.
“მე პოლიტიკაში 2024 წელს, ივანიშვილის ამ ქვეყნის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას ნებისმიერ შემთხვევაში, ციხეში რომ ვყოფილიყავი, მაინც ვეცდებოდი, რომ ეს გამეკეთებინა, გარეთ მით უმეტეს, მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით, მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით.
ჩემი განწყობა იმგვარია, რომ მე მაინტერესებს ხალხი, რომელიც ხედავს, აღიარებს ახლებურ მიდგომებს და ხედავს ახლებურად და არამარტო ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, არამედ ცვლილების როგორც ასეთის, ახლებური გააზრება აქვს.
მე არა ვარ მზად, რომ სხვისი ნაკარნახევი თამაშის წესებით ვითამაშო. ეს არ ეხება ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას, ან ვინმეს კონკრეტულად. მე სურვილ არ მაქვს ამისი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მე თვითონ უნდა დავადგინო წესები იქ, სადაც მე ვიქნები ეს ასე ნამდვილად არ არის. მაგრამ უკვე არსებული და მზა რეცეპტებით სიარული ჩემთვის საინტერესო არ არის და აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია. ამას მე გამოვრიცხავ” _ ამბობს ნიკა გვარამია.