(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ მიმდინარე ტენდერები და ინფრასტრუქტურული სამუშაოები (ა)იპ -ების ფინანსური მონიტორინგი, სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის შემუშავება _ ეს ის საკითხებია, რომლებზეც საზოგადოებრივი დარბაზის მორიგ სხდომაზე იმსჯელეს.
საკრებულოს თავმჯდომარის, ალეკო მამეშვილის თქმით, “უკვე დასრულებულია მეგობრობის, ლომთათიძის და გამსახურდიას ქუჩების ასფალტირება; იგეგმება ჩანჩიბაძის ქუჩაზე გზის ახალი საფარის დაგება; მიმდინარეობს წყლის ამორტიზებული მილების შეცვლა და საცხოვრებელი კორპუსების გადახურვითი სამუშაოები; ტენდერი გამოცხადებულია სანიაღვრე არხების მოწყობაზე, ასევე ცენტრალური პარკისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე. (ა)იპ-ების ფინანსური მონიტორინგს საკრებულოს სპეციალური ჯგუფი ახორციელებს, კომისიას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. სპეციალისტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, დასკვნებს საკრებულოს ორი თვის ვადაში წარუდგენს.
ოზურგეთი აქტიურად ემზადება გიორგი სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალისთვის. დაგეგმილია მეგობარი ქვეყნებიდან სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლების ჩამოყვანა. ფესტივალი 13 ოქტომბერს ურეკში გაიხსნება და 16 ოქტომბერს, ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე გალა კონცერტით დაიხურება. აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე მუშაობა. გეგმის სტრატეგიულ მიმართულებებს სამუშაო ჯგუფი განიხილავს”, _ თქვა მამეშვილმა.
ალეკო მამეშვილმა დარბაზის წევრებს გეგმის შემუშავების პროცესში აქტიური თანამონაწილეობისაკენ მოუწოდა: “ყველამ ერთად უნდა შევიმუშაოთ კონკრეტულ შედეგებზე გათვლილი, გრძელვადიანი სამუშაო გეგმა, რომლის მიზანიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება იქნება”, _ თქვა მან.