(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტი _ “მუნიციპალური განვითარების ხელშეწყობა გურიის რეგიონში”, გახდა საფუძველი ახალი პარტნიორული ურთიერთობის დასაწყისისა, რომლის შედეგად ალიტუსის (ლიტვა) და ოზურგეთის (საქართველო) მუნიციპალიტეტებს შორის ოფიციალურად ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. ეს შეთანხმება ითვალისწინებს პარტნიორობას თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში.
გარდა მემორანდუმისა, ოზურგეთისა და ალიტუსის მუნიციპალიტეტების მიერ, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა _ “რეგიონული განვითარების ხელშეწყობა” ფარგლებში ერთობლივი პროექტი ხორციელდება.
პროექტი მიზნად ისახავს მართვის თანამედროვე მეთოდებისა და ევროპული გამოცდილების გაზიარებით, პერიფერიული მოდელის შექმნას. პროექტის გახორციელების პირველ ეტაპზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ბოლოს ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ ალიტუსის ექსპერტთა დელეგაცია სტუმრობდა.
საპასუხო ვიზიტით ქართული დელეგაცია გურიიდან, ლიტვის რესპუბლიკაში _ ალიტუსის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ვილნიუსში იმყოფებოდა. საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ალიტუსში გაიმართა, ახალ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ქართულმა მხარემ კონფერენციაზე ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა ოზურგეთის სტრატეგიული გეგმის, განვითარების პერსპექტივებისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ.