დურმიშხან ჩხაიძე, საფეხბურთო სკოლის დირექტორი
ჯარში არ ხარ ნამყოფი
ლანჩხუთის რაიკომის მდივნად დაინიშნა ახალგაზრდა კაცი, 27 წლის ოთარ მენაბდე. ამ დროს მე 22 წლის ვარ და ინსტრუქტორად ვმუშაობ. საორგანიზაციო განყოფილებას ალბერტ ლომაძე ხელმძღვანელობდა. დამიძახა მენაბდემ _ მიშვებენ სუფსაში, ხელფასი 50 მანეთით გამეზრდება.
თუმცა, ერთ დღეს სასწრაფოდ მეძახის მდივანი:
_ კინაღამ არ შევცდით!
_ რატომ, ამხანაგო ოთარ?
_ თურმე, ჯარში არ ყოფილხარ ნამყოფი!
_ ჯარში თქვენც არ ყოფილხართ და რუსთავიდან ამხელა გზაზე მდივნად ჩამოხვედით და სუფსაში ჩემს წასვლაზე თუ ინგრევა ქვეყანა, არ წავალ!
ოჯახს შენ მირჩენ?
ამ ამბიდან გავიდა რამდენიმე ხანი. ისევ დამიძახა მენაბდემ, ამჯერად ახალი შემოთავაზება მომცა _ საერთო განყოფილების გამგედ თუ წახვალო, ისევ 50 მანეთი მემატება. რა თქმა უნდა, ეს ფული არ მაწყენს და დავთანხმდი, მაგრამ იქვე დაამატა:
_ ოღონდ, შენი ძმა პურკომბინატიდან უნდა წამოვიდეს! ერთი ძმა განყოფილების გამგედ და მეორე _ პურკომბინატის უფროსად არ გამოვა!
_ არ მინდა, ამხანაგო ოთარ, ეს თქვენი 50 მანეთის დამატება! პურს, ფქვილს, შაქარს, კონიაკს _ ყველაფერს ჩემი ძმა მაძლევს, ქორწილში დასაწერ ფულსაც ის მჩუქნის და რა ვქნა, მაგი რომ წამოვიდეს იქიდან, კონვერტზე ენა ვაწო და აი მირჩენს ოჯახს?!
გადაწონეთ
ნიგოითის მეუნეობაში ვარ მიმაგრებული, ტორფი უნდა შევიტანოთ ფართობში. ჩამოვიდა ოთარ მენაბდე და მეუბნება: _ ტორფი შეიტანეთ?
_ კი!
_ რამდენი ტონა?
_ 20 ტონა!
_ არ იტყუები?
_ არა, ამხანაგო ოთარ!
წავედით ფართობში. ბიძინა მოისწრაფიშვილია მეურნეობის დირექტორი, გადაშავებულია ფართობი.
_ ბიჭო, აქ 20 ტონა მაინც არ უნდა იყოს!
_ ჩვენ 20 შევიტანეთ, აგერაა გაბნეული და თუ არ გჯერათ, გადაწონეთ! _ მდივანს ენა ჩავაკმენდინეთ.
მივლინება
ძალიან ხშირად მიწევდა მივლინებები. ნამეტანი ბევრი დამიგროვდა და მენაბდე დაეჭვდა. კადრების განყოფილებას ამოაღებინა ჩემი მივლინებები, იქვე საიდანღაც საფეხბურთო კალენდარი გააძრო და “აღმოჩნდა”, რომ თბილისის “დინამოს” თამაშებს ემთხვეოდა ჩემი მივლინებები.
მენაბდე გადაირია: _ შენ საქმეზე დადიხარ მივლინებაში თუ “დინამოს” თამაშებს უყურებ რაიონის ფულით?