საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის ინიციატივით დაწყებული "კარვების აქციის" 79-ე დღეს, პოლიტიკურმა პარტიებმა, საყდრისთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც მთავრობისადმი გასაგზავნ ერთობლივ მიმართვაზე ხელი მოაწერეს.
"ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიები მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს თხოვნით, აღუდგეს კულტურული ძეგლის სტატუსი მსოფლიოში უძველეს საყდრის-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს. გაგრძელდეს საყდრის-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს არქეოლოგიური სამეცნიერო კვლევა, სამთავრობო დონეზე იქნას შესწავლილი ბოლნისის რაიონის ეკოლოგიური პრობლემები, სათანადო ყურადღება მიექცეს ამ რაიონში მცხოვრებელ და დასაქმებულ პირთა შრომისა და ჯანმრთელობის უფლებებს", _ ნათქვამია მიმართვის ტექსტში, რომელსაც ხელი მოაწერეს: "საქართველოს გზამ", "თავისუფალმა საქართველომ", "ქართულმა დასმა", "პატრიოტთა ალიანსმა", "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანმა საქართველომ", "ლეიბორისტულმა პარტიამ", "ქრისტიანულ დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეთა პარტიამ", "რესპუბლიკურმა პარტიამ", "ქართულმა იდეამ", "ახალმა მემარჯვენეებმა" და "ზვიად გამანთავისუფლებლის პარტიამ".