საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, ორდღიანი ვიზიტით ვილნიუსში იმყოფებოდა, სადაც ლიტვის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა.
ასევე, იგი იმყოფებოდა კონფერენციაზე, რომელიც ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ერთობლივი მუშაობის გააქტიურებას მოიცავდა. კონფერენცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ოფისის დირექტორის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
"ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას საქართველოსა და ლიტვის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის. მოგეხსენებათ, ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან სხვა რიგ ფქტორებთან ერთად ქართულ ჯანდაცვაში მთელი რიგი ახალი რეგულაციების დანერგვას ითვალისწინებს. როგორიც არის ხარისხის კონტროლი, არამარტო მედიკამენტების, არამედ კლინიკური მოვლის, ერთიანი განფასების სისტემის შემოღების. ამაში ლიტვას დიდი გამოცდილება აქვს. ეს რეფორმა 1995 წლიდან დაიწყეს, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ჯანდაცვის სისტემა აქვთ. იმედია, იგივე პერიოდისა და დაბრკოლებების გადალახვა არ მოგვიწევს.
ლიტვის მთავრობამ ჯანდაცვის მინისტრის სახით დიდი პოზიტივი და მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მთავრობისადმი. არამარტო ასოცირების, არამედ მთელ რიგი კლინიკური და სოციალური მიმართულებითაც. ძალიან ბევრი ახალი პროექტით და შესაძლებლობებით დავბრუნდი ვილნიუსიდან", – განაცხადა მინისტრმა.